29 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ, იზოლატორში გადაიყვანენ - ჟურნალისტი გოგა აფციაური

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი გოგა აფციაური "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული და დაჭრილი ზაზა გახელაძე, შესაძლოა, იზოლატორში გადაიყვანონ.

გოგა აფციაურის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ საკუთარი წყაროდან აქვს. 

"ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტთან, რომელიც არის ჩემი წყარო, მქონდა კომუნიკაცია. იქაც საკმაოდ მწირია ინფორმაცია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ადგილობრივ საავადმყოფოში არსებობს საკარანტინო ზონა და ახალგორიდან როგორც კი ჩაიყვანეს ზაზა გახელაძე ცხინვალში, პირდაპირ ამ ზონაში შეიყვანეს. დღეს მითხრა, რომ მასთან გამომძიებლები არ შესულან, მხოლოდ ექიმებმა მოინახულესო და ის იცის, რომ მსუბუქად არის დაჭრილი, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება და მისი ვარაუდით, დაახლოებით, 25 ივლისს უნდა დაველოდოთ, ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, უფრო მეტი გაირკვევა, ჩატარდება თუ არა საგამოძიებო მოქმედებები. იქაური KGB დაკითხავს თუ არა მას და ვარაუდობს ჩვენი წყარო, რომ საკარანტინო ზონიდან მას გადაიყვანენ იზოლატორში.

ერთ-ერთი სხვა წყარო, რომელიც ბიბილოვის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, მასაც ვკითხე, თუ როგორია პოზიცია. ის ამბობს, რომ კი, მას ჰქონდა იარაღი და ეს მალე გამოჩნდება," - განაცხადა აფციაურმა. 

როგორც ცნობილია, საუბარია სანადირო იარაღზე. ზაზა გახელაძის ოჯახი ამბობს, რომ გახელაძე მონადირეა და სწორედ ამ მიზეზით ფლობდა იარაღს. 

33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

დღის ამბები