29 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
გამოეყოფა თუ არა "გაერთიანებულ ოპოზიციას" გიორგი ვაშაძე-თაკო ჩარკვიანის ტანდემი - დაპირისპირება საარჩევნო სიებს უკავშირდება

განხეთქილება ოპოზიციურ ფრონტზე - კოალიციაში "ძალა ერთობაშია" დაპირისპირებაა, თუმცა ვინ დატოვებს გაერთიანება, ჯერჯერობით, უცნობია.

უთანხმოებაა "ნაციონალურ მოძრაობასა" და გიორგი ვაშაძე-თაკო ჩარკვიანის ტანდემს შორის. დაპირისპირება საარჩევნო სიებს უკავშირდება, თუმცა უთანხმოება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა "ახალი საქართველოს" ლიდერი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, თუ "ძალა ერთობაშია" დაიშლება, მაშინ ის და გიორგი ვაშაძე ბლოკს შექმნიან. თუმცა, თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ გაერთიანების დაშლა სტრატეგიულად არასწორი იქნება.

"ბოლო დროს მესმის სულ რომ გარკვეულ ადამიანებს სურთ "ძალა ერთობაშია" არ იყოს და დაიშალოს. მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ამას დიდ სტრატეგიულ შეცდომად მიიჩნევს. დაველოდები მათ განცხადებას, მიმდინარეობს ახლა კონსულტაციები და ალბათ, გარკვეულ ადამიანთან ერთად რაღაც ბლოკზე იქნება საუბარი, მხოლოდ მას შემდეგ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" განაცხადებს, რომ "ძალა ერთობაშია" უნდა დაიშალოს. ამ ყველაფრის შემდეგ მე და გიორგი ვაშაძეს ალბათ ბლოკით გვიხილავთ," - განაცხადა პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა. 

გაერთიანებული ოპოზიციის დანარჩენი წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კოალიციის უფრო მეტად გაძლიერება. 

"ყველა სუბიექტმა იცის თვლა. გაერთიანებულ ოპოზიციაში წერა-კითხვა იციან ადამიანებმა, ასევე აქვთ სინდისიც ამ ცოდნასთან ერთად, მოთხოვნების ნაწილში. ამ სინდისის დავიწყება არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კოლეგები და თანამებრძოლები დარჩება სწორედ ამ სინდისიერი საკითხების დაყენების ფარგლებში," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ.

"ჩვენ ვართ კოალიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი და არ ვაპირებთ ამ კოალიციიდან გასვლას. პირიქით, ჩვენი ინტერესები ამჟამად გახლავთ ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს კოალიცია სხვადასხვა პარტიით, სხვადასხვა ადამიანით. მომავალშიც გაგრძელდება ისე, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ამ მთავარ პრინციპზე დაყრდნობით წარმართავს ერთმანეთთან ურთიერთობას. თუ სხვა რამე ტიპის სურვილები ექნა, ეს არ შეესაბამება ამ შემთხვევაში იმ ზოგად სულისკვეთებას, რაც "ძალა ერთობაშია" არის და დარწმუნებული ვარ, რომ მიუღებელი იქნება ყველა იმ წევრისათვის, ვინც ერთად დააფუძნა ორი წლის წინ ეს კოალიცია," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

"მე არ ვიცი ვინ, რას ითხოვს, იმიტომ რომ გიორგი ვაშაძესაც და ყველას მოწერილი აქვს ხელი იმ წესდებაზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ პირველი სამი ათეული დაკომპლექტებული იქნება "ძალა ერთობაშიას" თითო წარმომადგენლით, აქედან გამომდინარე დღეს კვოტებზე არ არის საუბარი. თუ ეს ბლოკი არ შედგა, უკვე გვექნება პარტიაში კონსულტაციები და გადაწყვეტილებას მივიღებთ თუ როგორ ვიმოქმედებთ," - აღნიშნა "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.

დღის ამბები