29 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ახვლედიანის ოჯახი ადასტურებს, რომ არაგვის ხიდზე 5 ბიჭს ნაძალადეველები რკინის ხელკეტებით გაუსწორდნენ - რა წერილი მიიღო "რუსთავი 2-მა"

"შუბლგატეხილმა, სისხლიანმა, შოკურ მდგომარებაში მყოფმა ვახომ მეგობრებს დაურეკა და თბილისამდე მისი და მისი მეგობრის ჩაყვანას ორგანიზება გაუწია" - ასე უპასუხა "კურიერის" კითხვებს ვახო ახვლედიანის ოჯახმა. წერილი "რუსთავი 2-ში" დღის ბოლოს მოვიდა. დაზარალებულის ოჯახი ადასტურებს, რომ ხიდზე 5 ბიჭს ნაძალადეველები რკინის ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. მათივე განცხადებით ირკვევა ისიც, რომ ახვლედიანზე ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტირებული კომენტარებით ზეწოლა ხორციელდება. ოჯახის განცხადებით, ვახო ახვლედიანი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"კურიერმა" გაარკვია,რომ შაქარაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებამ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მიმართა. ექსპერტიზამ, ამჯერად, უნდა დაადგინოს, ფიქსირდება თუ არა გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულზე და მის ნივთებზე დაკავებული პირების დნმ-ის ნიმუშები. 19 ივნისის ღამის დეტალების შესწავლას იწყებს სახალხო დამცველიც. პროკურატურა მზადაა, ლომჯარიას აპარატს საქმის მასალები სრულად გადასცეს. ლომჯარია უკვე შეხვდა გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს და მათი პოზიციები მოისმინა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები საქმეზე დაკავებულ პირებსაც შეხვდნენ. ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრალდებულების ნაწილი სავარაუდო ზემოქმედების მცდელობაზე საუბრობს, თუმცა, კონკრეტულად ვისი მხრიდან ხორციელდება ზემოქმედება, უცნობია, ომბუდსმენი ამ დეტალებს არ ასაჯაროვებს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყოველდღიურად მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვა, ვინც, შესაძლოა, საქმესთან დაკავშირებით რაიმე დამატებით ინფორმაციას ფლობდეს. საქმეში არსებული ჩვენებებით დასტურდება, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტა ქამრის" გარდა თბილისიდან მცხეთაში კიდევ ორი ავტომობილი გაემგზავრა. ავტომობილში 5 მგზავრი იჯდა. მათი ჩვენებების მიხედვით, ვერცერთმა ადგილამდე მისვლა ვერ შეძლო და თბილისში გამობრუნდა.

გიგა ბუცხრიკიძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, ვინც ნაძალადევიდან არასრულწლოვანი გ.მ-ს წამოსაყვანად არაგვის ხიდისკენ თბილისიდან გაემართა. მიუხედავად, იმისა რომ ის ჩვენებებში რამდენჯერმე არის ნახსენები, მხოლოდ გუშინ გამოიკითხა. საქმეში დევს მისი სატელეფონო საუბრებიც. მისი ადვოკატი დღეს ამტკიცებს, რომ ბუცხრიკიძეს საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ადვოკატი ამობობს, რომ მან და მის მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ მცხეთაში ნაძალადეველები ჯამში 4 მანქანით გაემგზავრნენ, ამ დრომდე უპასუხოა კითხვა, რატომ წავიდა 2 ახალგაზრდის წამოსაყვანად ამდენი პირი.

კვლავ ბუნდოვანია "მერსედესის" ავტომობილის საკითხი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მანქანაში მყოფი 2 არასრულწლოვანი ნ.ქ და ლ.შ თბილისში გამვლელი მანქანით - "ტოიოტა პრიუსით", გვიან ღამით, დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში დაბრუნდნენ. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა - იყვნენ თუ არა "მერსედესის" მგზავრები ხიდის ქვეშ, მაშინ, როდესაც, ჩვენებების მიხედვით მათ პირველი დაპირისპირების შემდეგ ტერიტორია დატოვეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს. გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე 4 - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

 

ავტორი : სალომე უერთაშვილი

დღის ამბები