29 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
განადგურებული სახნავ-სათესი ნაკვეთები და თხილის პლანტაციები - სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერმა წვიმამ შენგელიების ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახი თავს თხილის ბიზნესით ირჩენს. უხვმა ნალექმა კი მათი კარ-მიდამოც და თხილის პლანტაციებიც გაანადგურა.

ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო არანაკლები ზიანი მიადგა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. მათ სახნავ-სათესი ფართობები გაუნადგურდათ. დაზიანდა სახლის სახურავები და დაიხოცა შინაური ფრინველი. დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის რამდენიმე სოფელშიც. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები დაუზიანდა.

ყველაზე მეტად უხვმა ნალექმა ფოთი დააზიანა. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულები დაიტბორა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. მოსახლეობის განცხადებით, წლებია პრობლემა მოუგვარებელია და სახლებთან ერთად, ქუჩებიც ყოველი წვიმის დროს იტბორება. დაზარალებულები ხელისუფლებისგან სანიაღვრე სისტემის აღდგენას ითხოვენ.

სამეგრელოს სამივე მუნიციპალიტეტში ზარალს დილიდან ითვლიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში ვითარების შესწავლა დაიწყეს.

რა ფორმით მოხდება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები