29 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა - არის თუ არა შესაძლებელი, განახლებული კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზაირდოს

მეზობელი ქვეყნების საზღვარზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. თუმცა, ამ დროისთვის შეიარაღებული თავდასხმის შესახებ არც ერთი მხარის მიერ ინფორმაცია არ ვრცელდება. დღის პირველ ნახევარში კი კვლავ ისმოდა ურთიერთბრალდებები. სომხეთის მთავრობა საგანგებოდ შეიკრიბა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრა. ნიკოლ ფაშინიანმა ისიც თქვა, რომ არც ერთი პროვოკაციული ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება.

აზერბაიჯანის მხრიდან ორშაბათს დილით განახლებულ სროლებზე ისაუბრა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა. შუშან სტეპანიანის თქმით, მოწინააღმდეგე სომხეთის მიმართულებით საარტილერიო თავდასხმას 15-20 წუთიანი ინტერვალებით ახორციელებს. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სამხედროები ცდილობდნენ, არტილერიის მხარდაჭერით ხელში ჩაეგდოთ სომხეთის საყრდენი პუნქტი.

მხარეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ოფიციალური ანკარა გამოეხმაურა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარზე პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ანკარა სომხეთის მიერ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებზე თავდასხმას გმობს და აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სომხეთს მოუწოდებს "გონს მოეგოს":

"რაც სომხეთმა გააკეთა, მიუღებელია. აზერბაიჯანის არმიამ გააკეთა ის, რაც აუცილებელი იყო და მოიგერია ეს თავდასხმები. აქედან ჩანს, რომ კონფლიქტის ახალი კერების შექმნით, სომხეთს სხვა ტერიტორიებზე სურს ყურადღების გადატანა, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც ოკუპირებული აქვს. რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანული მხარეს, ჩვენ მათ მხარეს ვიდგებით“,- განცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა ევროკავშირიც, ევროგაერთიანებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარეს მართებს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია და მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადაო ტერიტორიების გამო კონფლიქტი კვირას დაიწყო, მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბუნდოვანია და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა არცერთი მხარე არ უარყოფს იმას, რომ პროცესები, შესაძლოა, გარე ძალების მიერ იყოს პროვოცირებული.

ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები