29 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
არ გვაქვს ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა მსგავსი შემთხვევები - ომბუდსმენი გატაცებულ მამაკაცზე

კასპის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 33 წლის მამაკაცის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო. ომბუდსმენი უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

ნინო ლომჯარია წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან ელოდება დაზუსტებულ პასუხს, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის მისამართითაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაისროლეს. მას დაზიანებები ფეხზე აღენიშნება.

დღეს ნინო ლომჯარიამ ისიც აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მოქნილი მექანიზმი არ გაგვაჩნია, რაც მსგავსი შემთხვევების დადგომის რისკს ზრდის.

"არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. პირველ რიგში ველოდებით ალბათ წითელი ჯვრის ინფორმაციას, რომელიც ოჯახს მიაწოდებს ცნობებს, როდესაც მოინახულებს ზაზას. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის გატაცებას, საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რა დროსაც სწრაფი და დროული რეაგირება არის საჭირო. სამწუხაროდ IPRM-ის ფორმატი არის შეჩერებული, იგივე ჟენევის ფორმატში მსგავსი საკითხები დროულად ნამდვილად ვერ წყდება და ხშირად არაეფექტურია," – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ

ზაზა გახელაძის ოჯახი დაჭრილი მამაკაცის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანას მოითხოვს.

"სხვა არავითარი მოთხოვნა არ გვაქვს. რა მოთხოვნა უნდა გვქონდეს, არავისთან არაფერს არ ვითხოვთ. არაფერი არ ვიცით. ვერც სახალხო დამცველმა ვერ გვითხრა ვერაფერი, იცის მხოლოდ, რომ კარგად არის," - განაცხადა გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლმა.

ზაზა გახელაძე ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ცხინვალის საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ის სამი დღის წინ გაიტაცეს.

დღის ამბები