29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება მაქსიმუმ 200 ადამიანის მონაწილეობით დღეიდან ნებადართულია 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ამასთან, საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც.

დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1 000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა

"დღეიდან ნებადართული არის კულტურული ღონისძიებების განხორციელება ღია სივრცეში. ყველა ღონისძიება უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად. სოციალური დისტანციის დაცვით და ზედა ზღვარით თითოეულ ღონისძიებაზე იქნება არაუმეტეს 200 ადამიანისა. დღეის მდგომარეობით 1,000 სასტუმროზე არის ნებართვა გაცემული და მათ შეუძლიათ ოპერირება და ასევე რამდენიმე ათეული აუზის და ფიტნეს დარბაზის საქმიანობა არის ნებადართული," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები