სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკებები გვიან ღამითაც გაგრძელდა.
სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით საუბრობს.
მათივე ინფორმაციით, ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის გენერალ-ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოუზის რაიონის სოფელი აღდამის მიმართულებით ნაღმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, რასაც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს.
"რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება" - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე.
ნიკოლ ფაშინიანის თქმითვე, აზერბაიჯანი საზღვარზე ვითარების გამწვავებით, შიდა პრობლემების გადაფარვას ცდილობს.
მხარეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ოფიციალური ანკარა გამოეხმაურა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარზე პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, გუშინ ინციდენტის დროს 3 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.