29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რეკრუტებს თავდაცვის სამინისტრო ფინანსურ ანაზღაურებას მისცემს - უწყებას ცვლილებები წვრთნისა და სასწავლო პროცესშიც შეაქვს

რეკრუტები ხელფასს აიღებენ. პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახური უნდათ და ამისთვის 10 კვირიან მომზადების კურსს გადიან, თავდაცვის სამინისტრო ფინანსურ ანაზღაურებას მისცემს. თითოეული რეკრუტი თვეში 500 ლარს მიიღებს. აქამდე მათი მოსამზადებელი პერიოდი ანაზღაურებადი არ ყოფილა. თავდაცვის სამინისტროს ცვლილებები შეაქვს წვრთნის და სასწავლო პროცესშიც.

საწყისი მომზადების 10 კვირიანი კურსის განმავლობაში, რეკრუტები პირობით მოწინააღმდეგესთან კონტაქტში ხშირად შევლენ. თითოეული სცენარი რეალობასთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული. მოუწევთ საფრთხეებზე რეაგირება, ტაქტიკური მანევრები შეტევის მოგერიებისთვის და მოწინააღმდეგის განადგურება.

საცეცხლე ტაქტიკური, სამედიცინო და სხვა ძირითადი მიმართულებებით საწყისი მომზადების ცენტრი სიახლეების დანერგვას განაგრძობს. პრაქტიკულთან ერთად თეორიულ სწავლებას დრო ყოველდღიურად ეთმობა.

სურვილის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც რეკრუტები დატვირთვას ვერ უძლებენ და სახლში ბრუნდებიან. ხოლო ვისაც მოტივაცია პირიქით ემატება - დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ სამოქალაქო ცხოვრებიდან ჯარისკენ ნაბიჯი თამამად გადადგან. 

ვაზიანის საწყისი მომზადების ცენტრში ამ ეტაპზე სამთვიან სწავლებას 307 რეკრუტი გადის. ისინი, ვინც კურსის წარმატებით დასრულებას და სამხედრო ფიცის დადებას შეძლებენ, საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

დღის ამბები