29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის - ბრაზილიისა და ინდოეთის მაჩვენებლები აშშ-ს გაუტოლდა

ინდოეთსა და ბრაზილიაში კორონავირუსის გავრცელება ისეთივე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19"-სგან 1,071 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსისგან 71,469 ადამიანია გარდაცვლილი.

ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ინდოეთში. ახალი ინფიცირების შემთხვევებმა 28,637 შეადგინა, ინდოეთი ვირუსის გავრცელების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ჯანმრთელობის კომიტეტის წარმომადგენელი ვაჰრათ მონგა იმედის იტოვებს, რომ ჯანდაცვის უწყება კონტროლს მოახერხებს.

"წითელ ზონას ქვეყანაში დელი წარმოადგენს, ინფიცირებულთაგან 23,000 პაციენტი ქვეყნის დედაქალაქში გამოვლინდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია მჭიდრო დასახლებებით. იმედი გვაქვს ჯანდაცვის უწყება პროცესების კონტროლს მოახერხებს,"- განაცხადა ვაჰრათ მონაგმა.

ვითარება უკიდურესად მძიმდება ირანში. ქვეყნის პრეზიდენტმა პანდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ქვეყანაში მასობრივი შეკრებების გამართვა, მათ შორის ქორწილებისა და პანაშვიდების გადახდა აკრძალა. ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება ისრაელში, ქვეყნის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად რეგულაციები კვლავ დააწესა. გასულ ღამეს მთავრობის რეაგირება პანდემიის წინააღმდეგ თელ-ავივის ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა. მარტში დაწესებული მკაცრი კარანტინის შემდეგ, ისრაელში უმუშევრობა 21 პროცენტით არის გაზრდილი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება. დღევანდელი მონაცემებით, "კოვიდ-19"-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები შემცირდა სომხეთსა და უკრაინაში. სომხეთში გასული დღის მანძილზე 577 ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა 6 პაციენტი.
უკრაინაში კი ახალი ინფიცირების 678 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 11 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები სტაბილურად მცირდება. ქვეყანაში კიდევ 130 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ევროპას, რეგულაციების მოხსნის შემდეგ ესპანეთის საკურორტო ზონებში, დამატებითი საპოლიციო ძალები პატრულირებენ, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ტურისტებს სამედიცინო პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ. როგორც ესპანეთის ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, თუ დამსვენებლები უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ, მოსალოდნელ გართულებებს ადგილი არ ექნება.

15 ივლისიდან ახალ რეგულაციებს დააწესებს უნგრეთი. ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეგულაციების დაწესება მსოფლიოში პანდემიის მასშტაბების ზრდამ განაპირობა.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები