29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
აფეთქებას მუხიანში 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირია

გლდანი-ნაძალადევის რაიონში ძლიერი აფეთქების ხმა საღამოს, დაახლოებით 10-11 საათზე გაისმა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვიანებით გაარკვია, რომ აფეთქება ალავერდის 47 ნომერში მოხდა. სახლში მყოფი 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში მარტო, ხელმოკლედ ცხოვრობდა და თან ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. ადგილობრივებს აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ვერსიის დონეზე ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქებას განიხილავენ.

ბუნებრივი აირი, როგორც აფეთქების გამომწვევი მიზეზი, არ არის ერთადერთი ვერსია, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა აფეთქება რაიმე ტიპის საბრძოლო ტექნიკას გამოეწვია, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. უწყებაში განმარტავენ, რომ საცხოვრებელი სახლიდან იარაღი არ ამოუღიათ.

შემთხვევის ადგილზე დღეს გარდაცვლილის და და დისშვილი იმყოფებოდნენ. მათ მომხდარზე საუბარი არ ისურვეს და განმარტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

წუხელ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები