29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი, რომელიც დაკავებისას დაჭრეს, არსებული ინფორმაციით, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს

რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული მამაკაცი უკვე ორი დღეა უკანონო ტყვეობაშია - ის კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. გატაცებული დაჭრილია, რადგან უკანონო დაკავების დროს, მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს.

სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი გატაცებულის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. მონიტორები იმ ადგილზეც მივიდნენ, სადაც უკანონო დაკავება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ზაზა გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს.

"უკვე გადაყვანილია ცხინვალის ჰოსპიტალში და მკურნალობას გადის იქ. სხვა ჩვენ არავინ არ დაგვკავშირებია. ევროკავშირი და წითელი ჯვარი ჩართულია. ველოდებით ორშაბათს," - განაცხადა ერთ-ერთმა ახლობელმა "კურიერთან" საუბრისას.

"ბოლო ინფორმაცია დედისგან მაქვს მიღებული, რომ ახალგორიდან გადაიყვანეს ცხინვალში. დანარჩენი არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვეულებრივად წავიდა სოკოზე. დღეს გავიგე, რომ ვიღაცასთან ერთად ყოფილა, მაგრამ ვისთან არ ვიცი," - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში სტეფანე მესროფაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან სხვილოს ციხის სიახლოვეს, გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

დღის ამბები