29 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
რა საჩუქარი გაუხარდება პუტინისგან და ვის გულშემატკივრობს "ნაციონალურ მოძრაობაში" - ნინო ბურჯანაძე სტუმრად გურამ როგავას რუბრიკაში

გურამ როგავას რუბრიკამ "შაბათის კურიერისთვის" ამჯერად "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" ლიდერს უმასპინძლა, რომლის პოლიტიკური წარსულშიც პარლამენტის თავმჯდომარის, 2-ჯერ კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობები იყო. ნინო ბურჯანაძის წარსულში იყო ქუჩის აქციები ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგაც. ამჯერად, ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის ისეთ ფორმატში მონაწილეობს, სადაც სხვა პარტიებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობაცაა", რომლის წინააღმდეგაც ის აქტიურად გამოდიოდა:

"ნიკა მელიას მოვთხოვო "ნაციონალურ მოძრაობის" ცოდვებზე პასუხი? რომელიც სანდრო გირგვლიანის უბედურების დროს პარლამენტთან იდგა და აპროტესტებდა ამას? არ მჯერა რომ ასეთი ადამიანები - ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, თუნდაც მეორე პარტიაში - ელენე ხოშტარია, რომელთაც არ ქონდათ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებთან  შეხება, ეს ადამიანები თუ გაძლიერდებიან, მე არ მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იგივეს გამეორებას შეძლებს, რასაც აკეთებდა, მაგრამ თუ გაძლიერდება ის ხალხი - მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილზე აღარაფერს ვლაპარაკობ, ეს რა თქმა უნდა კატასტროფა იქნება," - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მას არ სჯერა სააკაშვილის და შესაბამისად არც არსებობს ისეთი საკითხი, რომელზე მოსალაპარაკებლადაც ის მოლაპარაკების მაგიდას სააკაშვილთან ერთად მიუჯდება.

ბურჯანაძემ წინა ხელისუფლების ქმედებებზე საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა:

"ჩემს წილ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ვხედავ, რომ არ მეგრძნო, ყველაზე მაღალი თანამდებობიდან არ წამოვიდოდი,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოველთვის აფიქსირებდა იმას, რაც არ მოსწონდა და როდესაც მიხვდა, რომ ზემოქმედების ბერკეტი აღარ ჰქონდა, ოპოზიციაში წავიდა.

ნინო ბურჯანაძეს პასუხის გაცემა მოუწია გავრცელებულ ამბავზეც, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სალონში სტუმრობისას, ეს დაწესებულება სხვა მომხმარებლებისთვის იკეტებოდა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს  ტყუილია და ამის დადასტურება თავად სალონის წარმომადგენლებს შეუძლიათ. ბურჯანაძის თქმით, იმისთვის რომ პარლამენტში დროულად მისვლა მოესწრო, სალონი შეღავათს უკეთებდა და ოფიციალური 10 საათის  ნაცვლად, მისთვის 9-ის ნახევარზე იხსნებოდნენ.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მას რაიმე საფრთხის ან ინციდენტის მოლოდინი არ აქვს საზოგადოების მხრიდან, ქვეყნის ყოფილი პირველი და მეორე პირისთვის პირადი დაცვის ყოლას კი ნორმალური ქვეყნის ნორმად მიიჩნევს.

აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ Поклонная гора-ზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურად შეცდომად არ მიიჩნევს, თუმცა ამბობს რომ შეიძლება შეცდომა ყოფილიყო პიარულად, რადგან სააკაშვილის კონტროლქვეშ მყოფმა მედიამ, ეს სხვა მხრივ გააშუქა:

"ეს რომ ყოფილიყო მისვლა იმისთვის, რომ მეთქვა, რომ მოგვერიეთ და შევეგუეთ, გასაბრაზებელი კი არა უკან არ უნდა ჩამოგეშვით, მე ვუთხარი და ეს იცის ყველამ რუსეთში, რომ ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით და ვიბრძოლებთ სხვადასხვა ფორმით იმისთვის, რომ ეს რეალობა შევცვალოთ და რუსეთის ინტერესებშიც შედის, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს და ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ. რა ვიცი, მე მგონია, რომ ქვეყნის საქმე გავაკეთე და ვაკეთებ...  ჩემთვის, მაგალითად, მესიჯი იყო ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ მოტანილი გვირგვინი იყო საქართველოს დროშის ფერებში. მე მივხვდი ამას, მაგრამ თავადაც მიმანიშნეს, რომ ეს იყო ჩვენი პატივისცემის გამო. ორი წლის თავზე კი არა, ნეტა აგვისტოშივე ჩავსულიყავი, იქნებ ერთი კაცით ნაკლები მომკვდარიყო," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ყველა გზა უნდა იყოს ნაცადი.

ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ საზოგადოება ქალ პოლიტიკოსებს უფრო მაღალ კრიტერიუმებს უყენებს და კაც პოლიტიკოსებს უფრო ადვილად პატიობს:

"ქალი პოლიტიკოსების მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნაა არა მხოლოდ კაცების, არამედ ქალების მხრიდანაც. საზოგადოება უფრო მაღალ კრიტერიუმებს აყენებს,"- აცხადებს ის. მას რომ პოლიტიკაში ნაკლები დაბრკოლებები შეექმნა, ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ამაზე შესაძლოა მამის ფაქტორმაც იმოქმედა.

"მე ვისურვებდი, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, არა იმიტომ რომ ქალია, არამედ იმიტომ, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით პოლიტიკაში მისი მოსვლა არა მამამისის და ედუარდ შევარდნაძის ნაცნობობას, არამედ ზურაბ ჟვანიას უკავშირდებოდა.

"არ ვიცი" - ასე პასუხობს ნინო ბურჯანაძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, მისი გარდაცვალება მკვლელობა იყო თუ უბედური შემთხვევა. მისი თქმით, პასუხი ამ დრომდე ალბათ იმიტომ არაა, რომ ვიღაცას არ სურს, რომ ამ საქმეზე საბოლოო პასუხი იყოს.

ნინო ბურჯანაძემ შვილის პოლიტიკურ კარიერაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შვილი 12 წელია ამ პარტიასთან ერთადაა და პარტიაში მიმდინარე ყველა პროცესში აქვს მონაწილეობა მიღებული, შესაბამისად პარტიაში მისი ადგილი, მის შვილობას არ უკავშირდება.

მიუღია თუ არა პუტინისგან სიმბოლური საჩუქარი?- ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არა, თუმცა სიამოვნებით მიიღებდა ავტობიოგრაფიულ წიგნს პუტინის მიერვე გაკეთებული წარწერით:

"ის ჩემთვის არის ძლიერი პოლიტიკოსი, მარტო ჩემთვის არა, მსოფლიოსთვის არის ძლიერი პოლიტიკოსი და გამეხარდება თუ მის ბიოგრაფიაში, რომელსაც დავუშვათ დაწერს, წააწერს და მაჩუქებს, იქნება გადაწყვეტილი რუსულ-ქართული კონფლიქტი და პრობლემები მოგვარებული," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები