29 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
რა კითხვები ჰქონდათ ნიკა გვარამიასთან - "ხვალ რას ვიტყვი, ის აინტერესებდათ, ამაზე ვილაპარაკებ ხვალ, იმიტომ რომ დამუშავების პროცესშია ინფორმაცია, რომელიც მაქვს"

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს დღეს, ნიკა გვარამიაც პასუხობდა. ის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

გამოძიება ინტერესდება, რის საფუძველზე განაცხადა "მთავარი არხის" დირექტორმა, რომ საქმის მასალებში არსებულ ერთ-ერთ ვიდეოში ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ფიგურირებდა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ წყაროს გასაჯაროებას არ აპირებს, მაგრამ წყაროს წარმომავლობას დაასახელებს.

"მეკითხებოდნენ, თუ რა ვიცოდი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ფაქტი, ვიცი "კაწროს" მონაწილეობა. ამას არ უარვყოფ და ამაზე იქნება ჩვენი მამტკიცებელი და მამხილებელი გამოძიებები.

ხვალ რას ვიტყვი, ის აინტერესებდათ. ამას ჯერ არ ვიტყვი, ამაზე ვილაპარაკებ ხვალ, იმიტომ რომ ჯერ დამუშავების პროცესშია ინფორმაცია, რომელიც მაქვს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაუსვეს კითხვები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზეც მას საუბარი ტელეეთერებში ჰქონდა და უმრავლესობაზე მან განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები.

"ტელეეთერებში, ალბათ, თქვენც ნახავდით, რომ ამ ეთერების ნაწილში ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა გარკვეულ გარემოებებზე, თუმცა შემდეგ აცხადებდა, რომ ეს იყო ვარაუდები. 

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა თქმა უნდა, ტელეეთერებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, რომ ნიკა გვარამია ფლობდა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე. მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო დადასტურებული, რომ ეს იყო ვარაუდები. ჩვენ ვალდებულიც ვიყავით რომ ის დაგვეკითხა," - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

დღის ამბები