29 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ყველაზე მრავალკანდიდატიანი დაპირისპირება სავარაუდოდ, საბურთალოზე გაიმართება - "კურიერის" ინფორმაციით, ოპოზიციური ერთობა ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს

8 ოლქიდან ორში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ლელოსთან" კონკურენციას პარტნიორობა არჩია. "კურიერის" ინფორმაციით, ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილები გეგმავენ, რომ საბურთალოს ოლქში - ბადრი ჯაფარიძეს, დიდუბეში კი - დავით უსუფაშვილს დაუჭირონ მხარი. "ლელოს" ლიდერი ჯერ არ ასაჯაროებს, დედაქლაქის რომელ ოლქში შეეცდება ამომრჩევლის გულის მოგებას, თუმცა, ოპოზიციურ ერთობასთან კონსულტაციებს ადასტურებს.

ბადრი ჯაფარიძის გარდა, საბურთალოელების გულის მოგებას კიდევ რამდენიმე კანდიდატი შეეცდება. ამჯერად პარტია "ჩვენი საქართველოს" სახელით, შესაძლოა, საბურთალოს ოლქში გამარჯვებისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლოს ლევან გოგიჩაიშვილმა. მართალია, ალეკო ელისაშვილს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ არც ის გამორიცხავს, რომ კენჭი კვლავ საბურთალოს ოლქში იყაროს. მმართველი პარტიიდან კი მათ, სავარაუდოდ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო დაუპირისპირდება.

გაერთიანებულ ოპოზიციაში არ უარყოფენ, რომ ლელოს კანდიდატებს მათი მხარდაჭერა ექნებათ და ეს საკითხი კონსულტაციების რეჟიმში განიხილება. ახლა გადამწყვეტი სიტყვა "ლელომ" უნდა თქვას.

ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელმაც 6 ოლქი დათმო, ამ კონსულტაციებში აღარ მონაწილეობს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ დარჩენილ ორ ოლქში ოპოზიცური ერთობის რჩეულ ძლიერ კანდიდატს მხარს დაუჭერენ. "ევროპული საქართველოსგან" განსხვავებით, ისინი ალეკო ელისაშვილს საბურთალოს ოლქში კონკურენტუნარიან კანდიდატად განიხილავენ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ მათთვისაც მოულოდნელი იყო, როცა "ძალა ერთობაშიას" სახელით მაჟორიტარობის კანდიდატად ჩარკვიანმა თავი დაასახელა. თავად "კანონი და სამართლის" ლიდერი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ბლოკშია გაერთიანებული, არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძესთან ერთად ახალი გაერთიანება შექმნას.

ოპოზიციური მაგიდის მასპინძელი ფიქრობს, რომ მიზანი მიღწეულია და დედაქალაქის გადამწყვეტ უბნებზე ოპოზიცია შეთანხმდა. კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია რეგიონებში - ეს, ოპოზიციური ერთობის თქმით, მათი გამარჯვების მთავარი ფორმულაა. ლიდერები არც იმას გამორიცხავენ, რომ საერთო კანდიდატები რეგიონებშიც ჰყავდეთ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, "ევროპული საქართველოდან" გიგი უგულავა სამეგრელოში, ხათუნა გოგორიშვილი - გურიაში, "ნაციონალური მოძრაობიდან" კი ქუთაისელების ხმებისთვის გრიგოლ ვაშაძემ იბრძოლოს, ახალციხეში კი - ვანო მერაბიშვილმა იყაროს კენჭი. "ლელოდან" ქუთაისში, სავარაუდოდ, ანა ნაცვლიშვილი იქნება.

შალვა ნათელაშვილის ოფისში ოპოზიციური ერთობა შეკრებას და გამარჯვების საბოლოო სტრატეგიაზე მსჯელობას უახლოეს დღეებში გეგმავს. ყველა ერთის წინააღმდეგ, ერთი მიზნისთვის - ისინი 6 ოლქში უკვე გაერთიანდნენ. ელენე ხოშტარია- ვაკეში, შალვა ნათელაშვილი- ნაძალადევში, ნიკა მელია გლდანში, გიორგი ვაშაძე- ისანში, ლევან ხაბეიშვილი -სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე იბრძოლებენ. მთაწმინდაზე არაა გამორიცხული, ოპოზიციის კანდიდატის კონკურენტი მმართველი გუნდის კანდიდატთან ერთად ანა დოლიძეც იყოს.

დღის ამბები