29 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
თელავის საკრებულოს წევრი, რომელიც მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა თანამშრომლობას პირადად პროკურორ შოთაძესთან ითხოვს

თელავის საკრებულოს წევრს მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა. პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას, მათზე ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. გრემელაშვილი ბრალდებას უარყოფს და მის დაკავებას ბიძაშვილის - მარიამ კუკუნაშვილის პოლიტიკურ განწყობებს უკავშირებს. სწორედ მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა მიხეილ გრემელაშვილი დანაშაულში.

ამასთან, ბრალდებული პირადად პროკურორ შოთაძესთან თანამშრომლობას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი შვილების გამოყენება პოლიტიკური ნიშნით ხდება. 

აღნიშნულ სხდომასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება:

"მან თავისი შვილები სამი დღით ადრე სცემა, ვიდრე მე ამის შესახებ გავიგე და შემდეგ, "ფეისბუკზე" დავწერე. თავად ბავშვებმა გამოიძახეს პოლიცია. შოთაძე და პოლიტიკის ჩართვა ამ ამბავში არანაირ ლოგიკაში არ ჯდება,"- აცხადებს მიხეილ გრემელაშვილის ბიძაშვილი, სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი.

მიხეილ გრემელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ არსებობდა არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, მაღალი რისკები არსებობდა. 

პროკურორი ნატო ბურთიკაშვილი კი განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების მუქარის დროს, გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც გრემელაშვილმა გაისროლა.

"მუქარის დროს, იყო ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება და ამასთან, განხორციელდება იარაღიდან გასროლაც. ბრალდებულის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების მოტივი გენდერული დისკრიმინაცია და ოჯახის ქალი წევრების მიმართ შეუწყნარებლობა," - აღნიშნავს პროკურორი ნატო ბურთიკაშვილი.

დღის ამბები