29 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ელიტური კორუფციის თვალსაზრისით პრობლემებია, ფაქტია, რომ ამ კუთხით საქართველო ჯერჯერობით თავს ვერ ართმევს - კორნელი კაკაჩია

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო კვლავ ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს შორის - ამ სტატისტიკასთან ერთად, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ახალ ანგარიშში აქცენტი კეთდება არალეგალურ მიგრაციასა და საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ კრიმინალზე.

"ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ აქტიურობენ, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ არსებობს" – ეს არის ციტატა დოკუმენტიდან, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მოამზადა.

აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით შეფასებას მესამე სექტორში აკეთებენ. 

"პრობლემად რჩება თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. თუკი ჩვენთან სამუშაო ადგილები კვლავ შემცირდება, არის ვარაუდი, რომ  საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მაინც ემიგრანტებად წავიდნენ. ახალი ჩანაწერი, რომელიც აქამდე არ იყო, შეეხება წუხილს, რაც ელიტურ კორუფციას უკავშირდება," - აცხადებს "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩიას განცხადებით, საქართველოში  ელიტური კორუფციის თვალსაზრისით მართლაც პრობლემებია. 

"ბუნებრივია რისკები არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ უკვე რამდენიმე წელია ეს ტენდენცია გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ პანდემიის სიტუაციას, არამგონია დღეს ეს საკითხი აქტუალური იყოს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაბალი დონის კორუფციას საქართველო კარგად ებრძვის, მაგრამ სერიოზული პრობლემებია ელიტური კორუფციის თვალსაზრისით, ფაქტია, რომ ამ კუთხით საქართველო ჯერჯერობით თავს ვერ ართმევს," - აღნიშნავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე ანგარიშია, რომელიც სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადდა.

დღის ამბები