29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ორჯერ შემხვდა სააკაშვილი, მერე გააგრძელა უგულავამ...პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ტელეკომპანია "მზის" დათმობა - ვანო ჩხარტიშვილი

რა იყო ტელეკომპანია "მზის" დათმობის მიზეზი - ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრებს იხსენებს. ვანო ჩხარტიშვილი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომპანია "მზის" დავით ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად მიყიდვა აიძულა.

"მაშინ ნამდვილად არ გამჩენია სურვილი. მაშინ პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე საქართველოს პრეზიდენტმა, მაიძულა ამ ტელევიზიის დათმობა. ერთ ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, გადავეცი ცემენტის ქარხანას ასე ვთქვათ და მე ვერ შევძელი იმ პერიოდში ამ ტელევიზიის დაცვა და შესაბამისად მოვახდინეთ აბსოლუტურად ნებაყოფლობით ჩემი მხრიდან, მაგრამ მისი მხრიდან ძალადობრივი გზით.

მე ორჯერ შემხვდა ამ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილი, მერე გაგრძელა უგულავამ, უგულავა იყო ადმინისტრაციის უფროსი. მან მითხრა, რომ ეს ტელევიზია ჩვენ გვინდა, აქ უნდა გავიდეს „მულტიკები“, სარედაქციო პოლიტიკა ჩვენი უნდა იყოს და ამიტომ მიეცით საშუალება ბეჟუაშვილს, რომ მართოს ტელევიზია.

სააკაშვილს მარტო ერთი რამ აწუხებდა, ამბობდა, რომ მე არ მინდა საქართველოში იყოს ამდენი თოქ-შოუ, მე მინდა, რომ აქ იყოს აბსოლუტურად სხვა ფორმატი, სარედაქციო პოლიტიკა თქვენი არის და ხელს გვიშლის ჩვენ ჩვენი მიზნების განხორციელებაში, ამიტომ დახურეთ გრიგოლიას შოუ, დახურეთ თქვენი თოქ-შოუ და მინდა, რომ გადაეცეს ეს ტელევიზია ბეჟუაშვილს და მინდა, რომ ეს გააკეთოთ ძალიან სწრაფად.

მე ვუთხარი, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომ ასე სწრაფად არ შეიძლება ამის გაკეთება. გამოვდივართ მისი კაბინეტიდან და მხვდება ბეჟუაშვილი და მეუბნება, რომ ღამით იქნებ წახვიდეთ და გადააფორმოთ ახლა ეს ტელევიზია. ღამით ეს არ შედგა, მაგრამ დაახლოებით 1 კვირაში ჩვენ გადავაფორმეთ.

დავით ბეჟუაშვილის შემოსვლის შემდეგ, თქვენც გახსოვთ ეს დეტალები, პრაქტიკულად მენეჯმენტი გადადის მის ხელში და ჩვენ შევეცადეთ და მე მცდელობა მქონდა, რომ კოლექტივი, რომელიც იყო საკმაოდ პროფესიონალები ჩვენს მიერ შექმნილი ადამიანებისგან მინდოდა და ვუხსნიდი მუდმივად დათოს, რომ ეს ხალხი არ აღმოჩენილიყვნენ ტელევიზიის მიღმა, დარჩენილიყვნენ და ეს გარდამავალი მომენტი ყოფილიყო უმტკივნეულო, მაგრამ ვერ შედგა ეს.

როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, ჩვენი სურვილი ტელეკომპანია „მზის“ ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად მიყიდვის? ეს ხომ შეუძლებელია?! ეს მოხდა სრული ზეწოლით და გამომდინარე აქედან მე იძულებული გავხდი, რომ ეს შემესრულებინა იმიტომ, რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ახლაც სინანულს გამოვხატავ მაგ პერიოდის მიმართ, მაგრამ ვერ შევძელი იმიტომ, რომ გარემო იყო ძალიან მძიმე და მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით ძალიან მცირე ადამიანები იყვნენ ჩვენს გვერდით და იმ პერიოდში იძულებული გავხდი, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა,“ - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.

დღის ამბები