29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ასიგნებათა კომიტეტის გადაწყვეტილება - საქართველო 132 მილიონ დოლარს მიიღებს, თანხის 15 პროცენტი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას  

საქართველოსთან მიმართებით ახალმა დათქმებმა პირველი ეტაპი გაიარა. კონგრესის იმ კომიტეტმა, რომელიც ამერიკულ ფულს განკარგავს, 132 მილიონის სრულად გასაცემად მაიკ პომპეოსგან გარანტიების მოსმენა ისურვა იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად დემოკრატიულად ვითარდება, კორუფციას ებრძვის და არც უცხოურ ინვესტიციებთან აქვს პრობლემა. არის თუ არა ეს სიგნალი სტრატეგიული პარტნიორისგან - შეკითხვას პრემიერმა უპასუხა.

ის, რასაც პრემიერი ცუდს უწოდებს, ოპოზიციისთვის უბრალოდ ფაქტების კონსტატაციაა. მათ ასიგნებების კომიტეტის ჩანაწერი აღიქვეს ვაშინგტონიდან გზავნილად იმაზე, რომ ”ქართული ოცნების” პოლიტიკა ამერიკის ინტერესებს სცდება. ქვეყნისთვის საგანგაშო პოლიტიკური აქტი - ასე აფასებენ დოკუმენტს უმცირესობაში.

ის, რომ საკითხი უსიამოვნოა, არც ქვეყნის პირველი დიპლომატი უარყოფს, რომელიც ერთის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ამ საქმეში ოპოზიციის ლობისტებს სერიოზული წვლილი მიუძღვით, მეორეს მხრივ კი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში მათი ძალისხმევა დოკუმენტს იმ სახეს დაუბრუნებს, როგორიც სულ მცირე გასულ წელს იყო.

"ოცნების" შეცდომები ძვირი ჯდება - ამბობენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში. მათთვის კომიტეტში მიღებული დოკუმენტი არაგონივრული პოლიტიკის შედეგია და საკითხს ფინანსურზე მეტად რეპუტაციულ დარტყმად განიხილავენ.

უმრავლესობა იმ ხანგრძლივ პროცედურებს უსვამს ხაზს, რომელიც სენატსა და კონგრესში დოკუმენტის განხილვას მოჰყვება, ამიტომ წლის ბოლომდე ამ მხრივ სიახლეებს არ ელიან. 

ასიგნებათა კომიტეტში დამტკიცებულ კანონპროექტს თან ანგარიშიც ახლავს, რომელიც კანონქვემდებარე აქტს არ წარმოადგენს, თუმცა მასში ის საკითხებია თავმოყრილი, რომლის გატანაც დოკუმენტში კონგრესმენების ნაწილს სურდა, მასში ოლიგარქიულ გავლენებზე და მედიის, მესამე სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროვებაზეა საუბარი. ეს ჩანაწერი კანონის საბოლოო კანონპროექტში ვერ მოხვდა.  

 

დღის ამბები