29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ხმაურიანი საკომიტეტო განხილვა - ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის კენჭისყრა გადაიდო

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაპირისპირების და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კანონპროექტზე ხმაურიანი მსჯელობის დროს არაერთი მწვავე კრიტიკა მიიღო. კახა ბექაურს საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები კომისიის და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გამო უპირისპირდებიან. როგორც ინტერნეტ და მობილურ პროვაიდერები აცხადებენ, ელექტრონული კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მათი საქმიანობის შეფერხებასთან ერთად საინვესტიციო გარემოსაც დააზარალებს. დღევანდელი განხილვების დროს ის პირველი კომპანიაც გამოიკვეთა, რომელსაც შესაძლოა ცვლილებების ამოქმედების შემდეგ დროებითი მმართველი დაუნიშნონ.

კომპანიების მხრიდან გაკეთებული მწვავე შეფასებების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემაც. რომან კაკულიამ კახა ბექაურს დამატებითი კონსულტაციებისკენ მოუწოდა და კანონპროექტის კენჭისყრა გადადო.

ინტერნეტ და მობილური კომპანიების გარდა კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვდნენ ის მედიასაშუალებები, რომლებსაც ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონითაც აქვთ გავლილი. მსჯელობა მალევე მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც სხდომაზე შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.

კიდევ ერთი შესვენების გამოცხადება კომიტეტზე, რომან კაკულიასა და ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც წინ პროცედურულ საკითხებზე კამათი უძღოდა. მანამდე დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ბექაურს პოლიტიკური შინაარსის შეკითხვებსაც უსვამდა.

მწვავე იყო ოპოზიციის გამოსვლები, კითხვები ჰქონდათ "ქართული ოცნების" დეპუტატებსაც.

მწვავე განხილვის დროს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კანონპროექტის მიზნები რამდენჯერმე განმარტა. 

დარგობრივი კომიტეტი ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატან ცვლილებებს დღეს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში განიხილავდა. კენჭისყრა მომავალი კვირისთვის გადაიდო.

დღის ამბები