29 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
რა ფორმით მიიღებს ენმ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას - პარტია შიდა კონსულტაციებს აწარმოებს

"ნაციონალურ მოძრაობას" 2018 წელს დადებული შეთანხმება და აღებული ვალდებულებები კოლეგებმა შეახსენეს. ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" სტრატეგიაზე დღეს სწორედ ამ ოპოზიციური პარტიის გარეშე იმსჯელა. უკვე ტრადიციულად "ნაციონალური მოძრაობა" პარტნიორებთან შეხვედრას არ დაესწრო. შესაბამისად, ოპოზიციური გაერთიანების ბედი და საარჩევნო მარათონში ერთობლივი ბრძოლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთი კვირა მოითხოვა. რა ფორმით მიიღებს ოპოზიციური გუნდი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას - პარტია შიდა კონსულტაციებს აწარმოებს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე საკუთარ გეგმებზე არ საუბრობენ გაერთიანებაში შემავალი სხვა სუბიექტებიც, თუმცა პრობლემებს აღიარებენ.

გიორგი ვაშაძე იყო დღეს ერთ-ერთი, რომელმაც გაერთიანებაში პრობლემებზე ისაუბრა. "ახალი საქართველოს" ლიდერი "ძალა ერთობაშიას" ფორმატში საკუთარ გადაწყვეტილებაზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა არაა გამორიცხული, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ძალა ერთობაშიას" ზოგიერთ წარმომადგენელთან საარჩევნო პარტნიორობა შედგეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სტრატეგია ახლა ახალ საარჩევნო კოდექსზე გადის. ოპოზიციურ გაერთიანებაში "ძალა ერთობაშიასთან" პოლიტიკურ ალიანსზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. 

საარჩევნო სტრატეგიაზე ფიქრი ახლა ყველა პოლიტიკური აქტორის მთავარი საზრუნავია. მომავალ კვირაში გაირკვევა - ერთად თუ ცალ-ცალკე, ვინ რა ფორმით და როგორ ჩაერთვება საარჩევნო მარათონში. 

დღის ამბები