29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ხელშეწყობა თუ ხელის შეშლა - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ოპოზიციას და მმართველ გუნდს სხვადასხვა შეხედულება აქვს

ყველა გახმაურებულ მკვლელობას, როგორც წესი პოლიტიკური შეფასებები მოჰყვება. ხელშეწყობა თუ ხელის შეშლა - ოპოზიციას და მმართველ გუნდს ამაზე სხვადასხვა შეხედულება აქვს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო ორგანოების კრიტიკას მმართველ გუნდში პასუხობენ.

ერთი რამ ნათელია - გამოძიებამ ისე უნდა იმუშაოს, რომ სპეკულირების და ინტერპრეტაციების საშუალება არავის ჰქონდეს.

როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სწორედ სამართალდამცავი ორგანოები არიან მოტივირებული, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგეს და ინციდენტში მონაწილე პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ამ ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის უმთავრესია ოჯახს პასუხგაუცემელი შეკითხვები არ დარჩეს. ამასთან ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქმეზე არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება, რაც ოჯახს დამატებით ტკივილს აყენებს.

შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებების შესახებ ექსპერტიზის დოკუმენტში ჩანაწერს მოსალოდნელს, მუხლის დამძიმებას კი დაგვიანებულს უწოდებს ოპოზიცია. როგორც ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, არსებული ცნობებით, მანამდეც გასაგები იყო, რომ მოძალადეები ფეხბურთელს ორგანიზებულად, სასტიკად გაუსწორდნენ. დამძიმებულ ბრალს საპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივი ზეწოლით ხსნის.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. პარტიებში ამბობენ, რომ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არსებული კითხვების გამო პროცესზე საზოგადოების და მედიის მხრიდან მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.

ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ობიექტური რეალობის დადგენაში ყველაზე მეტად მოტივირებული სწორედ საგამოძიებო უწყებები არიან. "ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს თემის პოლიტიზირებაში სდებს ბრალს.​

პრემიერ-მინისტრიც ყველას ისევ მოუწოდებს, ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. გიორგი გახარიას განცხადებით, კრიტიკაზე საუბარი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ დამატებითი კითხვები გამოძიების საბოლოო შედეგის შემდეგაც გაჩნდება.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და დაზიანებების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურამ გამოაქვეყნა. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით დამძიმდა ბრალიც.

დღის ამბები