29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ინფიცირებული აბიტურიენტი - ახალგაზრდას გამოცდების ჩაბარება გამოჯანმრთელების შემდეგ მოუწევს  

გოგონამ, რომელმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 7 ივლისს დაწერა საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგი გაიარა, თუმცა ტემპერატურა არ დაუფიქსირდა. უსიმპტომოდ მიმდინარე ვირუსული ინფექცია, PCR ტესტმა დაადასტურა. გარდაბანში მცხოვრები ახალგაზრდა გოგო ვირუსით ოჯახის წევრისგან, ბებიისგან დაინფიცირდა. მას გამოცდების ჩაბარება გამოჯანმრთელების მერე მოუწევს. 

ყველა, ვინც რუსთავის საგამოცდო ცენტრში ტესტი კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, ერთ სივრცეში შეავსო, კარანტინში გადაიყვანეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებს არცერთი მათგანი არ გამოეთიშება. ცხრავე პირი სხვა საგნების ტესტებს სპეციალურად მსგავსი შემთხვევისთვის შექმნილ სარეზერვო სივრცეებში დაწერს. საგამოცდო ცენტრში მისვლამდე კი, მათ COVID-19-ის დასადგენი ტესტი ჩაუტარდებათ. 

უკვე შესწავლილია იმ ვიდეოკამერის მასალაც, რომელზეც საგამოცდო პროცესია ასახული. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, დამკვირვებლები ყველა რეკომენდაციას იცავდნენ, რაზე დაყრდნობითაც ვარაუდობენ, რომ მათ თვითიზოლაციაში წასვლა არ მოუწევთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დადგენილი გრაფიკით, ყველა წესისა თუ რეკომენდაციის გათვალისწინებით გაგრძელდება. მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვითა და შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, საგამოცდო ოთახები ყოველი ტესტირების დასრულების შემდეგ სუფთავდება და ტარდება დეზინფექცია. სპეციალური ხსნარით მუშავდება საგამოცდო ნაშრომებიც.

კორონავირუსი დაუდასტურდათ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებსაც. ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან და მკურნალობას გორში, სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ.

საქართველოში დღეს სულ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინო სივრციდან მოხვდა. კიდევ ერთი პაციენტის დაავადების უცნობ წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ადგენენ. 

დღის ამბები