29 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციას აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით სპეკულაციაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობა ნაკლებად ელის, რომ აშშ-მა ოფიციალურ დონეზე დაიწყოს საუბარი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამის მაგალითად ელჩის და აშშ-ის სხვა წარმომადგენლების განცხადებები მოჰყავთ. აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრებმა კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შესახებ გააკეთეს,  რომელშიც აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობებია წარმოდგენილი:

"თავად აშშ-ის  უმაღლესი ოფიციალური პირები აღიარებენ და არაერთხელ გაუსვამთ ხაზი იმაზე, მათ შორის ბოლო დღეების მანძილზე და მათ შორის ქალბატონ ელჩსაც, რომ საქართველოში დემოკრატიული მიმართულებით ნამდვილად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს და რეალურად ვფიქრობ რომ ესაა ის ოფიციალური შეფასებები რაც ჩვენი ქვეყნის მისამართით კეთდება,"- აცხადებს უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე.

სპეკულაციად აფასებს აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის თქმით, კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებებში საუბარი არ ყოფილა არც ოლიგარქზე და არც მედიის თავისუფლების საფრთხეზე:

"ყველა ის სპეკულაცია, თითქოს მიიღეს კანონი და ხდება შეზღუდვა ან აქცენტირება თავისუფალ მედიაზე ან ოლიგარქზე და ა.შ, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. დიახ, ასეთი ცვლილებები არ განხორციელებულა, თავად კანონპროექტში არაა ასეთი ცვლილებები შეტანილი, ის არის ანგარიშში,  რისი წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ კონგრესმენს," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები