29 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
5 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, საქართველოში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთის წყაროს ეპიდემიოლოგები იკვლევენ. დანარჩენი ოთხის პირველწყარო კი ცნობილია. 

"დღეს 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქს. შესაბამისად ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები და ის 973-ია. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 2 პაციენტია, სულ კი 846 გამოჯანმრთელებული გვყავს.

5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტია, ერთ მათგანზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება ინფექციის წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 

რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გუშინ 22 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, მათგან გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და უკვე გაეწერა. დღეს კი შემოგვემატა 2 ახალი შემთხვევა, ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მათი  მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. სტაციონარში არსებული სიტუაციაც ამ დრომდე უცვლელია,"- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ავღანეთში ქართველი სამხედროების ინფიცირების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 28 პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, გამოვლენისთანავე იზოლაციაში მოათავსეს, რაც მისივე განმარტებით, სხვა სამხედროებიზე ვირუსის გადადების შესაძლებლობას გამორიცხავს. 

"ავღანეთში მყოფი საქართველოს სამხედრო პირებიდან კორონავირუსი 28 პირს ტესტირების დროს დაუდასტურდა. ეს პირები სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოიყვანეს, მათ თან ექიმები ახლდნენ. მათი ინფიცირების წყარო, ადგილობრივი მედპერსონალი გახლავთ. იქიდან გამომდინარე, რომ სამხედრო ძალები ნატოს სარდლობის ქვეშ იმყოფებიან, მათ ინფექციის დადასტურებისთანავე მოახდინეს ამ ადამიანების იზოლაცია. აქედან გამომდინარე, სხვა სამხედრო პირებს ვირუსით ინფიცირება, ანუ გადადების შესაძლებლობა ნულოვანია. ახლა ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები არ შეინიშნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები