29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობები - მმართველი პარტია ოპონენტებს ტყუილში ადანაშაულებს

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობებთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომლის პირველადი ვერსია კვირის დასაწყისში გასაჯაროვდა,​ კვირის ბოლოს იქცა განხილვის თემად. გაირკვა, რომ აპროპრიაციის კომიტეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გაცილებით მეტი დეტალი ეწერა, ვიდრე დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში მოხვდა. კერძოდ სამუშაო დოკუმენტში თავდაპირველად ის 5 პუნქტი იყო, რაც დღეს პოლიტიკური განცხადებების თემა გახდა თბილისში, თუმცა ირკვევა, რომ კანონპროექტში, რომელიც სენატმა უნდა განიხილოს მხოლოდ სამი პუნქტია გაწერილი და არსად წერია ის ორი პუნქტი რომელიც მხოლოდ რეპორტშია ასახული, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის დაცვა და მთავრობის ფუნქციონირებაზე და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა.

იმისთვის, რომ საქართველომ შტატების მხრიდან გამოყოფილი დახმარება სრულად-15 პროცენტის შეჩერების გარეშე მიიღოს - სახელმწიფო მდივანმა იმაზე უნდა მოამზადოს ანგარიში, რამდენად ეფექტურად მუშაობს "ქართული ოცნება" ა)დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად  ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად  გ) იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე.

კანონპროექტში მხოლოდ ეს სამი პუნქტია ასახული, საგარეო უწყება სპეკულაციად აღიქვამს ოპოზიციის ინტერპრეტაციებს და განმარტავს რომ ტყუილია, როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დამატებით 2 პირობა განსახილველ დოკუმენტშია ასახული. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას მალევე ოპოზიციის შეფასებები მოყვა. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ შესწორებები, უშუალოდ კანონპროექტში მოხვდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლებამ კანონპროექტში ასახული მოთხოვნები არ გაითვალისწინა, შესაძლოა სანქციებიც ამოქმედდეს

მმართველ პარტიაში ოპონენტებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში არანაირი შესწორებები არ შესულა და დამატებითი ორი პუნქტის შეტანა, რომელიც მხოლოდ სამუშაო დოკუმენტშია ასახული კონკრეტულ კონგრესმენებს სურდათ, თუმცა ინიციატივას მხარდამჭერები არ აღმოაჩნდა და სენატში წარსადგენი დოკუმენტი მხოლოდ სამ პუნქტს მოიცავს.

კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში იქ, სადაც საქართველოზეა საუბარი ერთ-ერთი მნიშვნელოვან ჩანაწერად რჩება ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებას ის ქვეყნები ვერ მიიღებენ, რომლებიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ემხრობიან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.

დღის ამბები