29 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა, მუქარა და უკანონო იარაღი - თელავის საკრებულოს დეპუტატს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მუქარის შემცველი შინაარსის ესემეს შეტყობინებების მიღების შემდეგ თელავის საკრებულოს წევრ მიხეილ გრემელაშვილის შვილები პოლიციას დაუკავშირდნენ. დეპუტატი იმ ადგილზე მისვლით იმუქრებოდა, სადაც ცოლმა და სამმა ქალიშვილმა მისი მხრიდან ძალადობის შემდეგ შეაფარა თავი. დაკავებულის ბიძაშვილი "კურიერთან" ამბობს, რომ ბოლო შემთხვევა გამონაკლისი არ იყო და გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე პერმანენტულად ძალადობდა. ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით სწორედ ბრალდებულის ბიძაშვილმა გაავრცელა.

გამოძიების ცნობით, ოჯახის წევრებს საკრებულოს დეპუტატი თავის სახელზე რეგისტრირებული, "ტეტე"-ს სისტემის იარაღით ემუქრებოდა. გრემელაშვილის დაკავების "კურიერის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სახლიდან სამართალდამცველებს რამდენიმე იარაღი გამოაქვთ. მათ შორის არის კალაშნიკოვის სისტემის იარაღიც, რომლის გამოც გამოძიება თელავის საკრებულოს წევრს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავება. სახლში, სადაც ბრალდებულს ხელბორკილები დაადეს დღეს ოჯახის ნათესავები იკრიბებოდნენ.

ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი საკრებულოს წევრი "ქართული ოცნების" რიგებიდან გახდა, შემდგომ კი "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციაში გადაინაცვლა. თელავის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კოლეგა იარაღით არასდროს უნახავს. არ სმენია ინფორმაცია მისი მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის შესახებ.

დაკავებულ დეპუტატს ჯერჯერობით ადვოკატი არ ჰყავს. მისი პოზიცია ბრალდებაზე დაკავებამდე გამოქვეყნებული პოსტია, სადაც ის ბიძაშვილის შესახებ წერს, რომელმაც ძალადობის შესახებ "ფეისბუქზე" პირველმა დაწერა.

საკრებულოს დეპუტატის შვილებს დახმარებას სთავაზობს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის". ანა აბაშიძის თქმით, შემთხვევას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ბრალდებული არჩეული თანამდებობის პირია.

საქმეზე გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საკრებულოს დეპუტატს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგის მიმართ მძიმე ბრალდებებზე პატრიოტთა ალიანსის ფრაქციამ განცხადება მხოლოდ დღის ბოლოს გააკეთა, აქცენტით იმაზე, რომ გრემელაშვილი თელავის საკრებულოში "ქართული ოცნების" სიით მოხვდა, მოგვიანებით კი პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებთან ერთად ფრაქცია დააფუძნა. ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ მათთვის ნებისმიერი ხასიათის ძალადობა მიუღებელია.

დღის ამბები