29 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ქართველი კაპიტანი რუსულ ЦСКА-ში - რით ხსნის თორნიკე შენგელია ოკუპანტი ქვეყნის საკალათბურთო კლუბში გადასვლას

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის ფინანსური დეტალები კონფიდენციალურია. ცნობილია, რომ შესარჩევ ეტაპზე თორნიკე შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველმა კალათბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, აგვისტოში ის მოსკოვში ჩავა და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

თორნიკე შენგელიას ЦСКА-ში გადასვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართველ გულშემატკივართა შორის. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია ეროვნული ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტისთვის. პრეზიდენტისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს.

თავად თორნიკე შენგელია თავის მართლებას არ აპირებს და მიაჩნია, რომ მისთვის ЦСКА-ში ​გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება პატრიოტიზმს, შენგელია ამბობს, რომ ის ქართული სულის მატარებელია ესპანეთშიც, ამერიკაშიც და რუსეთშიც.

ეროვნული ნაკრების კაპიტანს მხარდაჭერა გამოუცხადეს უცხოეთში მოთამაშე ქართველმა კალათბურთელებმა. დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და ვიქტორ სანიკიძემ საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირეს. ეროვნული ნაკრების წევრები, თორნიკე შენგელიას მეგობრები კი ხვალ საგანგებო ბრიფინგის გამართვას გეგმავენ.

შენგელიას გადაწყვეტილებასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ.

ქართველი კალათბურთელის შეძენით რუსული კლუბის ხელმძღვანელები კმაყოფილები არიან. ЦСКА-ს მთავარი მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი კი შენგელიაზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებს.

მოსკოვის "არმიელთა" ცენტრალურ კლუბს 97 წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის მანძილზე ЦСКА-მ ევროლიგის მოგება 8-ჯერ მოახერხა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები