29 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ძალადობა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში - სიღნაღში არასრულწლოვან გოგონაზე დაცვის თანამშრომელმა სექსუალურად იძალადა  

დღეს ტერიტორიაზე, სადაც დაცვის თანამშრომელმა "კურიერის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვა, სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარია, სადაც ძალადობას გაქცეული არასრულწლოვანი, ისევ ძალადობის მსხვერპლი გახდა. ობიექტის დაცვის თანამშრომელი ღამის საათებში ერთ-ერთი ბენეფიციარის ოთახში ფანჯრიდან შეიპარა და მასზე სექსუალურად იძალადა.

მომხდარს თავშესაფრის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ფაქტი ოფიციალურად უკვე დადასტურებულია. შემთხვევა ღამის საათებში იმ დროს მოხდა, როცა ყველას ეძინა. დანაშაულში მხილებული მამაკაცი ძალის გამოყენებით, მოზარდის გაუპატიურებას ცდილობდა. ამ დროს შენობაში ისმოდა გოგონას ყვირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც ოთახში თავშესაფრის თანამშრომლები შევიდნენ, მოძალადემ გაქცევა ისევ ფანჯრიდან სცადა.

პირი, რომელიც ამ საქმისთვის დააკავეს 28 წლის ვალერი დანელიშვილია. ის ბოლო 4 წლის მანძილზე თავშესაფარში უსაფრთხოების თანამშრომელი იყო. მისი ოჯახი, დაკავებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. როგორც ვალერი დანელიშვილის ოჯახის წევრებმა დღეს "კურიერთან" თქვეს, ახალგაზრდა მამაკაცი ბენეფიციარის ოთახში დასახმარებლად ავიდა, რადგან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოებისთვის დროებით საცხოვრებელ ადგილად, სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი აირჩია, ახლა სხვა ქვეყანაშია. მას უკვე ორჯერ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. მსხვერპლს გაეწია ყველა შესაბამისი დახმარება და როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უკვე წლებია სახალხო დამცველის წარმომადგენლები სწავლობენ, რა პირობებში უწევთ ცხოვრება ძალადობის მსხვერპლ ქალებს. თუმცა, ომბუდსმენის აპარატში მსგავსი სიმძიმის დანაშაული არ ახსოვთ. მომხდარის დღიდან დაწესებულება, სადაც არასრულწლოვან ქალზე იძალადეს, მუდმივ კონტროლზეა აყვანილი.

ზეპირი მტკიცებულებების გარდა, დაკავებული ახალგაზრდას მხარე უდანაშაულობის დასამტკიცებლად იყენებს არგუმენტს, რომ ვალერი დანელიშვილის დნმ-ის ნიმუშის კვალზე გამოძიება ვერ გავიდა. ვალერი დანელიშვილის ოჯახი 6 წლიანი სასჯელის გაბათილებისთვის ბრძოლას სასამართლოში აპირებს.

დღის ამბები