29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
საქართველოში სამხედრო ბაზების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ქვედანაყოფებს ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანენ

60 ლოკაცია და 250-მდე ობიექტი - თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზების მოდერნიზაცია-რეაბილიტაციის პროექტს ატარებს. ინფრასტრუქტურული სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ახალი ყაზარმების მშენებლობა და არსებული შენობების სრული მოდერნიზაცია. იცვლება იატაკი, საინჟინრო კომუნიკაციები, სველი წერტილები. სრულად გამოიცვლება ავეჯი. სამხედრო მოსამსახურეებისთვის აშენდება ახალი საცხოვრებლები. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნატოს სტანდარტის დასაკმაყოფილებლად მინიმალური დეტალების გათვალისწინებაც კი აუცილებელია. იმის, რაც აქამდე ერთ შეხედვით პრობლემას არ წარმოადგენდა. მაგალითად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გათვალისწინება სასადილოებში. ერთმანეთისგან იზოლირებული იქნება საწყობი, სამზარეულო და მთავარი დარბაზი. სრულად განახლდება გაგრილება-ვენტილაციის სისტემა. პარალელურად, დაიწყება შეფ-მზარეულების გადამზადება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს სამხედროების კვების ხარისხი.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე პროცესს მიესალმება, თუმცა თეონა აქუბარდიას თქმით, მხოლოდ სოციალური პირობების გაუმჯობესება ჯარისთვის საკმარისი არ არის.

თავდაცვის სამინისტროს პროექტს დადებითად აფასებს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი. ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი პირობები წლების განმავლობაში არ ჰქონდათ.

წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა ბაზების შიდა გზებს. პრიორიტეტების ჩამონათვალში არ ყოფილა რეკრეაციული სივრცეები. თავდაცვის უწყების ცნობით, უახლოეს 2 წელიწადში მოხდება გარე განათების სრული რეაბილიტაცია და რკინა-ბეტონის გზის მშენებლობა. გაიყვანენ სარწყავ სისტემებს, რომელიც აქამდე ფაქტიურად არ არსებობდა. ტერიტორიის გამწვანების პროცესი კი უკვე მიმდინარეობს. მას დენდროლოგები ხელმძღვანელობენ. კიდევ ერთი სიახლე, მინდვრის სტადიონის მოწყობა და მულტიფუნქციური მოედნის მშენებლობაა.

სამხედრო ბაზების მოდერნიზების პროექტი 4 ეტაპად განხორციელდება. პროექტი 2022 წლამდე დასრულდება. მხოლოდ წელს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ მეტია.

დღის ამბები