29 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
საზარელი მკვლელობა მუხრანში - მამის და პაპის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობისთვის ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული

საზარელი მკვლელობა მცხეთის მუნიციპალიტეტ სოფელ მუხრანში გამთენიისას მოხდა. სახლში 28 წლის მამაკაცმა მძინარე ბაბუას და მამას ცივი იარაღით ყელი გამოჭრა. არსებული ინფორმაციით, გიორგი ოკინაშვილმა დანაშაულის შემდეგ ოჯახის კუთვნილი მანქანით, იგივე სოფელში, სხვა სახლში მცხოვრებ დედას მიაკითხა და ფული ითხოვა, მანქანა იქვე მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა და ადგილიდან მიიმალა. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი ოკინაშვილი ქალის მკვლელობაში ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული. მან ციხეში 14 წელი გაატარა, და საპყრობილე 2 კვირის წინ დატოვა. დანაშაულის მოტივად სოფელში ორი ვერსია სახელდება - წლების წინ მომხდარი ოჯახური ძალადობა, რომელშიც მეზობლების ინფორმაციით, პაპა ფიგურირებდა და ოჯახის წევრებს შორის ქონებრივი დავა. 

ადგილობრივების ინფორმაციას ძალადობის შესახებ უარყოფს თავად დაკავებულის დედა. დიანა ოკინაშვილი ამბობს, რომ წარსულში რაიმე ტიპის ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტს სიცრუეს უწოდებენ ოჯახის სხვა ახლობლებიც, თუმცა გიორგი ოკინაშვილის აგრესიულობისა და მკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

მკვლელობის, ხულიგნობისა და სხვა დანაშაულებისთვის, რამდენჯერმე მსჯავრდებული 28 წლის გიორგი ოკინაშვილს დაახლოებით 14 წელი ციხეში აქვს გატარებული. უდოს კომისიამ ოთხჯერ უთხრა უარი განთავისუფლებაზე და საპატიმრო სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ დატოვა.

28 წლის მამაკაცი, "კურიერის" ინფორმაციით პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა. დანაშაულის ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცივი იარაღი დანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს მამისა და პაპის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეს, რომელსაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები