29 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის ყველა ფაილი 18 და 19 ივნისით თარიღდება, გარდა იმ აუდიოჩანაწერისა, რა დროსაც 112-ის ოპერატორი იაკობ ბრეგვაძეს ურეკავს - ადვოკატები ექსპერტიზას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებს, ვახო ახვლედიანს, გურამ ამირხანაშვილს, კოკო ღიბრაძეს, გიორგი ქათამაძესა და იაკობ ბრეგვაძეს გამომძიებლები კიდევ ერთხელ მოუსმენენ.

მათ საქმის ხუთივე ოქროს მოწმის მხრიდან განსხვავებული გარემოებების მითითების გამო, გამოძიებისთვის განმარტებების გაკეთება მოუწევთ. ამას ადასტურებს მცხეთის საოლქო პროკურატურის 4 ივლისით დათარიღებული მითითება, რომელიც გამოძიებას წერილობით გადაეგზავნა. საგამოძიებო მოქმედების შესასრულებლად გამომძიებლებს 10 დღიანი ვადა აქვთ. ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მოწმეები ბევრ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა მათი დაშინების ვერსიას არ გამორიცხავენ

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც საქმის მასალების მეცამეტე ტომში იკვეთება აუდიოფაილებია, რომელიც "კურიერმა" გაშიფრა. ამ ფაილების მიხედვით, გამოძიებამ, 18 და 19 ივნისის ღამით, 112-ში შესული ზარების ჩანაწერები ამოიღო. 58 ჩანაწერიდან, 2 იაკობ ბრეგვაძეს ეკუთვნის. ყველა ფაილის შექმნის თარიღად 18 და 19 ივნისი თარიღდება, გარდა იმ აუდიო ჩანაწერისა, რა დროსაც 112-ის ოპერატორი იაკობ ბრეგვაძეს ურეკავს და ადგილსამყოფელის დაზუსტებას ცდილობს. აუდიოჩანაწერის ექსპერტიზას ითხოვენ ადვოკატები.

ივლისით დათარიღებული შუამდგომლობა ამბობს, რომ გამოძიებასთან იაკობ ბრეგვაძე არ თანამშრომლობს. ასევე ირკვევა, რომ გამოძიებისთვის შეუძლებელია მისი ფოტოაპარატიდან მასალების განახლება, ამიტომ საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა.

რა დაინახა და რას მალავს ფოტოგრაფი, რომელიც ავტობანის ინციდენტის დროს მშენებარე სახლში იმალებოდა, უცნობია, ის დუმილს აგრძელებს.

კადრებით, რომელიც დიდუბეშია გადაღებული, ირკვევა, რომ გურამ ამირხანაშვილი პირველ საათსა და 19 წუთზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, მარტო მხოლოდ 2 წუთი რჩება. მის შესახვედრად მალე მოდის, მიკროავტობუსით თეთრპერანგიანი მამაკაცი. ვინ არის პირი, რომლიც დიდი დაპირების შემდეგ ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ესაუბრება, უცნობია. გამოძიებას მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. რა საუბარი შედგა მათ შორის და დააშინეს თუ არა შაქარაშვილის მეგობარი, უცნობია. ამირხანაშვილი კამერებთან კვლავ დუმილს ამჯობინებს.

მსგავსი ავტომობილი ფიგურირებს მაგისტრალის კადრებშიც, რომელიც იდენტიფიცირებული და გამოკითხულია. ის ჭიათურაში მიმავალი სამარშუტო ტაქსი იყო. ამ ინფორმაციას შაქარაშვილის ოჯახი ადასტურებს, სხვა დეტალებს კი გამოძიებისგან ელის.

მეცამეტე ტომში ამოღებულია 8 ბრალდებულის მობილური ტელეფონის ჩანაწერები, ფოტო და ვიდეო ფაილები, ესემესები და მიმოწერები სოციალურ ქსელში. ამ ჩანაწერებით ირკვევა, რომ მომხდარი დიდი დაპირისპირების შემდეგ, დილამდე სატელეფონო ზარები არ ხორცილდება, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს.

დილის 8 საათსა და 20 წუთზე კი, გიგა ტატიშვილს ანი გაბეჩავას მამა ურეკავს, ძიუდოისტს უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის დაც, რის შემდეგაც ტატიშვილი 20-ჯერ ურეკავს საკუთარ მამას. სავარაუდოა, რომ ანერვიულებული ტატიაშვილი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა. დილის 9 საათზე კი, ახლა უკვე ბრალდებული არასრულწლოვანი ნიკა ჟვანია, სასწრაფოდ ავტომობილის მობრუნებას მოითხოვს. სად იყო არასრულწლოვანი და სად უნდა მისულიყო, უცნობია. მიმოწერებში ბრალდებულები მეგობრებს მომხდარის შესახებ წერდნენ.

ამოღებულია წვეულების ვიდეო მასალა, ვახო ჩიქოვანის ფოტო, სადაც ირკვევა რომ შემთხვევის შემდეგ, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მეცამეტე ტომის მიხედვით ირკვევა, რომ საქმეში არ დევს გიორგი შაქარაშვილის ფეხსაცმელი, რომლის გარეშეც ნიადაგის კვლევის ჩატარება შეუძლებელია. ასევე, ამოღებულ ბორჯომის ბოთლზე არ დაფიქსირებულა დნმ-ს კვალი, შიგნით მოთავსებული სითხე კი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას.

დღის ამბები