29 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ტიკარაძემ თქვა, რომ ნებისმიერი სიძლიერის ინფექციის ტალღებს დაძლევს ჯანდაცვის სისტემა, გაუგებარია შეზღუდვები რატომ რჩება - ლევან კობერიძე საზღვრების გახსნაზე

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე  საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ერთის მხრივ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა მზადაა ნებისმიერი სიმძლავრის COVID-19-ის ტალღებს გაუმკლავდეს, თუმცა მეორეს მხრივ, გაუგებარია, მაშინ რატომ რჩება შეზღუდვები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

"მთავრობა ერთი თვის, თვენახევრის წინ უსაზღვრო პიარით იყო დაკავებული, რომ ყველაზე პირველი გახსნიდა საზღვრებს. ჩვენ მაშინ როდესაც ვუსვამდით კითხვებს, რომ ამან ხომ შეიძლება გამოიწვიოს რისკები, გუშინ გააკეთა ქალბატონმა ტიკარაძემ განცხადება, რომ ნებისმიერი ზომის, ფორმის, სიძლიერის COVID - 19-ის ტალღებს დაძლევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. თუ ეს ასე, მაშინ გაუგებარია ის შეზღუდვები რატომ რჩება," - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ფრენების აღდგენა ყველა ქვეყანასთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე უნდა მოხდეს.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ეს უნდა იყოს ყველა ქვეყანასთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე, თუ ვისთან, რა დოზით და როგორ უნდა გაიხსნას ფრენები. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება მთავრობის გადაწყვეტილება უშუალოდ ამ შეზღუდვების მოხსნა და რიგ ქვეყნებთან შენარჩუნება, არამედ იქნება ეს ძირითადად ჩვენი ეპიდემიოლოგების მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება," - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. 

 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები