საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აგვისტოდან რეგულარული ფრენები თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით აღდგება. ნათია თურნავას განმარტებით, 2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისის რეისი კვირაში ორჯერ შესრულდება.
"პირდაპირი ფრენები და შეთანხმებები ავიაკომპანიებთან უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ ლოგიკას. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუშვებდით რეგულარულ ფრენებს, ვიდრე არ გვეცოდინებოდა მიმღები ქვეყნის პოზიცია. ახლა როდესაც ვიცით, ვინ არიან ის სახელმწიფოები, ვინც უპირობოდ გვიშვებს ჩვენ, გვაქვს საფუძველი მოველაპარაკოთ ავიაკომპანიებს. ეს ეხება "ლუფტჰანზას", რმელთანაც გვაქვს შეთანხმება რომ ყველაზე გვიან, 2 აგვისტოს აღდგება რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნხენს შორის და ეს იქნება კვირაში ორი ფრენა.
ვაგრძელებთ მოლაპარაკებას "ეარ-ფრანსთან" და შესაძლებელია, აგვისტოში მოხდეს შეთანხმება "შალ-დე-გოლის" აეროპორტთან.
რაც შეეხება ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს, "ეარ-ბალტიკი" არის წარმოდგენილი და რიგა-თბილისის რეისის შესრულება აგვისტოდან დაიწყება,"-განაცხადა "დღის კურიერში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება დაბალი კონკურენციის ფარგლებში ბილეთის ფასს, ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული საკითხი ავიაკომპანიის გადასაწყვეტია, თუმცა დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ ბილეთის ფასი არ გაიზრდება.