29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანეს ქვეყანაში შემოსვლა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით შეეძლებათ

ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, ამის შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:

"იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები