29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სერიალი "თბილისო "ვირტუალური სივრცისთვის - რეჟისორი სანდრო ელოშვილი და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ახალ სოციალურ მელოდრამას იღებენ

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო თეატრის კარი მაყურებლებისთვის და ასევე, მსახიობებისთვისაც დაიხურა, მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორმა საინტერესო იდეის განხორციელება დაიწყო. თეატრის მსახიობები შეკრიბა და სერიალის გადაღებას შეუდგა. მცირე ფინანსებით, ერთი კამერით და ნათხოვარი რეკვიზიტებით, სამაგიეროდ - დიდი ენთუზიაზმით და გამორჩეული სამსახიობო დასით.

სანდრო ელოშვილმა მიკლოშ ლასლოს ძველი უნგრული მოთხრობა "პარფიუმერია" სცენარად აქცია, სერიალის სახელწოდებად კი "თბილისო" შეარჩია.

"თბილისო" ეს არის სოციალური მელოდრამა, რომელიც ქართულ რეალობას ასახავს. ამ საინტერესო და სევდიან ამბებს ლაიტმოტივად გასდევს კომპოზიტორ მიშა მდინარაძის სპეციალურად "თბილისოსთვის" შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები.

შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელიც 10-მდე ადამიანს აერთიანებს უკვე დაასრულა პრომოს გადაღებები და პირველი სერიის სამზადისშია.

"თბილისოს" ნახვა მაყურებელს ვირტუალურ სივრცეში შეეძლება. ავტორები ვარაუდობენ, რომ პირველი სერიის განთავსებაც უახლოეს პერიოდში მოხდება და ამგვარად მაყურებელთან კავშირიც აღდგება.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები