29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
სახელმწიფო შესყიდვები საგანგებო მდგომარეობის დროს - TI-მ დაადგინა, რომ ხელშეკრულებების მესამედზე მეტი "ოცნებასთან" კავშირში მყოფ პირებთან გაფორმდა

მესამე სექტორმა საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები დათვალა და დაადგინა, რომ ხელშეკრულებების მესამედზე მეტი იმ პირებთან გაფორმდა, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან კავშირში. 22-გვერდიან კვლევაში საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან.

ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 1 500-მდე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ამისთვის კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 557 მილიონი ლარი დაიხარჯა. მკვლევარების მტკიცებით, შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ თითო კომპანია იღებს მონაწილეობას. არასამთავრობო სექტორმა ის სახელმწიფო სტრუქტურებიც გამოავლინა, რომლებიც ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებს საერთოდ არ ასაჯაროებენ.

გამჭვირვალობის კვლევაში ასევე მოხვდნენ ის სასტუმროები, რომლებთანაც კონტრაქტები, მხოლოდ საკარანტინო სივრცედ გამოყენებისთვის გააფორმა. ასევე კომპანიები, რომლისგანაც სახელმწიფომ სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. არიან კომპანიები, რომლებთანაც სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული წესით ხელშეკრულება სხვა სერვისზეც გააფორმა. მათ შორისაა კომპანია "ჯი თი გრუპი", სადაც განმარტავენ, რომ შესყიდვის ეს ფორმა კანონის ფარგლებში განხორციელდა და იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მათ ჩამოიყვანეს, შესაბამისად, შემდგომ მომსახურებასაც ისინი უწევენ.

არასამთავრობო სექტორის კვლევაში მოხვდა კომპანია "თი და ერ დისტრიბუშენიც". კომპანიის ხელმძღვანელი არ მალავს, რომ ის და მისი კოლეგები "ქართული ოცნების" შემომწირველები არაერთხელ ყოფილან, ამავდროულად იმ მიზეზებსაც განმარტავენ თუ, რატომ უწევთ მათ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების პირდაპირი შესყიდვის გზით გაფორმება.

მესამე სექტორის კვლევას მთავარი ადრესატებიც გამოეხმაურნენ. მმართველ პარტიაში გამორიცხავენ, რომ სახელმწიფო სამსახურები კომპანიებთან ხელშეკრულებებს "ქართული ოცნების" დამფინანსებლების მიხედვით აფორმებდნენ.

არასამთავრობო სექტორმა სახელმწიფო უწყებებისთვის გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავა. აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კი, შესაძლო კორუფციული ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები