29 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
გახანგრძლივდება თუ არა სპეციალური შეზღუდვები კიდევ 6 თვე - კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება

გახანგრძლივდება თუ არა სპეციალური შეზღუდვები კიდევ 6 თვე - კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. "ქართულ ოცნებაში" ვადების გახანგრძლივებას მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხსნიან. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღას მომზადებული უნდა შეხვდეს.

კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია, ასუსტებს, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის ფუნქციებს და განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს მთავრობას.

ინიციატივა დამოუკიდებელი დეპუტატებისთვისაც მთავრობისთვის მინიჭებულ ძალაუფლებასთან ასოცირდება. თუმცა ნაწილს ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტია, რა პოზიცია ექნება სესიაზე. დეპუტატების აზრით, უნდა განისაზღვროს ის რისკები, რომელიც ვადების გახანგრძლივებას თან ახლავს.

ბრალდებები უსაფუძვლოა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერები პროექტში ვერც კანონთან შეუსაბამობას ხედავენ და არ იზიარებენ ოპონენტების შეფასებას, რომ ცვლილებები პარლამენტის როლს აკნინებს. ამბობენ, რომ არჩევნების უსაფრთხო ვითარებაში ჩატარებისთვის კანონპროექტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

ცვლილებები არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიაა ჯანდაცვის მინისტრისთვისაც. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ არცერთი საკანონმდებლო წინადადება ნეგატიური ცვლილებების განხორციელებას არ გულისხმობს.

თავდაპირველად, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლო, ახალი ინიციატივით კი აღნიშნული თარიღი ხანგრძლივდება და შესაძლებელია, კანონის მოქმედების ვადა 2021 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვროს.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები