მესამე დღეა, მესტიაში, სოფელ იდლიანის ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ. ქრობის სამუშაოებში 110 მეხანძრე-მაშველი, 7 სამაშველო ეკიპაჟი, სამი ვერტმფრენი მუშაობს.
სხვადასხვა ადგილას მათ ადგილობრივებიც ეხმარებიან. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება, თუმცა მათ ბავშვები ტერიტორიას მაინც განარიდეს.
ლაბურცხელაში, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, ხანძარი ყველაზე ახლოსაა, თუმცა კერების ლოკალიზება ხერხდება, ძლიერი ქარი კი ახალი კერების გავრცელებას უწყობს ხელს.
ხაიშში იმყოფებოდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილეც, რომელიც ვარაუდობს, რომ ვითარება ხვალისთვის სრულად კონტროლირებადი და ლიკვიდირებაც შესაძლებელი იქნება. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, დამწვარია რამდენიმე ჰა წიწვოვანი ტყე.