29 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
გამოძიების შუალედური შედეგები და მოწმის ახალი ჩვენება - შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 19 დღის შემდეგ მისი დაღუპვის მიზეზები ისევ ბუნდოვანია

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს დღიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი იძიებს. საქმე ყოველდღიურად სულ უფრო მოცულობითი ხდება. გამომძიებლების ჯგუფმა 400 საპროცესო და 450 საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. გამოკითხულია 93 პირი, ჩატარებულია 161 ჩხრეკა. ამოღებულია 40 პირის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. აღებულია დნმ-ის და სხვა კვლევებისთვის ანაწმენდები. საქმეში დევს ათობით მობილური ტელეფონის და 600 საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დანიშნულია 8 სახის 57 ექსპერტიზა, მაგრამ 12-ტომიან საქმეში ჯერ არ არის მთავარ კითხვაზე პასუხი რა ვითარებაში გარდაიცვალა 19 წლის ფეხბურთელი.

დაკავებულ პირთა წრის გაზრდასა და ბრალის დამძიმებას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამორიცხავს. ოჯახის მსგავსად უწყებაც ექსპერტიზის პასუხების მოლოდინშია. საგანგებო ბრიფინგზე დღეს 19-დღიანი გამოძიების დეტალებზე ისაუბრეს, სადაც გაირკვა რომ იაკობ ბრეგვაძის იგივე ფოტოგრაფის საპატრულო ეკიპაჟის წევრების მხრიდან თბილისში ჩამოყვანის ფაქტს გენერალური ინსპექცია იკვლევს. ასევე გაირკვა, რომ ავტომობილი, რომელიც ავტობანის ტერიტორიაზე ჩერდება არა თეთრი ფერის "შკოდა," არამედ "ტოიოტა პრიუსია". კითხვას - არის თუ არა ავტომობილი იგივე ტაქსი, რომლითაც ვახო ახვლედიანი თბილისში ჩამოიყვანეს, მინისტრის მოადგილე უპასუხოდ ტოვებს. ასევე ვლადიმერ ბორცვაძე არ პასუხობს კითხვას, რატომ არ ამოიღო პირველი ჩხრეკის დროს პოლიციამ იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერა.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც საქმის ოქროს მოწმე იაკობ ბრეგვაძე 112-ში რეკავს და დახმარებას ითხოვს. იაკობი ოპერატორს უყვება, რომ შემთხვევა მდინარე არაგვის ხიდთან მოხდა, რა დროსაც 10 ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ოპერატორი ფოტოგრაფს ხელმეორედ უკავშირდება, რადგან მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენს. თუმცა, ამ აუდიო-ჩანაწერით დგინდება, რომ პოლიციის ეკიპაჟი იაკობს 112-ში პირველივე ზარის შემდეგ დაუკავშირდა. ჩანაწერი დასტურდება, რომ იაკობმა პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მანქანის მგზავრები თავს მასაც დაესხნენ.

ვახო ახვლედიანი, ამ დრომდე ითვლებოდა პირად, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებში ნახა. სწორედ მისი 19 ივნისის ჩვენებაზე დაყრდნობით გამოძიებამ გაიგო, რომ შაქარაშვილს ხიდის ქვეშ 3 პირი მისდევდა. მისი, 26 ივნისს ჩვენებით კი ახვლედიანმა გამოძიებას უთხრა, რომ არ იცის მისი დამალვის შემდეგ, სად წავიდა 19 წლის ფეხბურთელი. ახვლედიანის ახალ ჩვენებას, შაქარაშვილის დაზარალებული ოჯახის მხრიდან სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტი მოჰყვა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ვახტანგ ახვლედიანის თეთრი პერანგი, რომელსაც სისხლის ლაქა ჰქონდა გამოძიებამ ვერ ამოიღო. ავტობანის დაპირისპირების შემდეგ ის დაიხა და ახვლედიანმა ურნაში გადააგდო. დღესვე გაირკვა, რომ გამოძიება დაიწყო გურამ ახვლედიანის სამალავის დაწვის საქმეზეც.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება. 

დღის ამბები