სურამში, მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.
ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.