29 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
"აშშ-ს კონგრესი მოწოდებებიდან ქმედებაზე გადავიდა" - ოპოზიციის შეფასებით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვა სანქციების ტოლფასია

ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვასთან  დაკავშირებით, თბილისში პირველი შეფასებები მოჰყვა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც ინტერპრეტაციაც კი აღარ სჭირდება. მათი თქმით, კონგრესი უკვე მოწოდებებიდან უშუალო ქმედებაზე გადავიდა და ის, რომ ამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომიტეტის დოკუმენტში მოხვდა ამგვარი დათქმა, მათი ნაწილისთვის ეს არის ერთგვარი სიგნალი, ნაწილისთვის კი ეს არის პირდაპირი სანქცია, ნაწილი კი ამას აღიქვამს როგორც მუქარას.

"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში უკავშირდება კორუფციას, დემოკრატიული სივრცის გაუქმებას ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესებს და მომავალს იმიტომ, რომ ეს დახმარება არის რა თქმა უნდა განკუთვნილი სწორედ ქვეყნისთვის, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას მართავს კორუმპირებული რეჟიმი, ეს დახმარება რა თქმა უნდა არ მიდის ხალხამდე," – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

მათი ინტერპრეტაცია ასეთია, რომ ეს არის სიგნალი როგორც ქართული ხელისუფლების მიმართ, ასევე ქართველი ამომრჩევლის მიმართაც, რომ არსებული ხელისუფლება ამერიკის ინტერესებში არ შედის.

"ასეთი მუქარა საქართველოს მიმართ, რომ გაიყინება ამერიკის დახმარება საქართველოს მიმართ მე არ მახსოვს შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული. აი შევარდნაძის პერიოდსა და „ქართული ოცნების“ რეჟიმს შორის ბევრი მსგავსებაა. ვაშინგტონში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში არსებობს უკვე გამოკვეთილი აზრი და შეხედულება იმის შესახებ, რომ ივანიშვილის მმართველობის გაგრძელება არ შეესაბამება არც საქართველოს, არც ამერიკის ინტერესებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიციაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ ქართული სახელმწიფო, ამ შემთხვევაში რისკავს იმას, რომ საქართველომ დაკარგოს ის მნიშვნელოვანი სარგებელი, რომელსაც წლების განმავლობაში ამერიკა გამოუყოფს მას.

"ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე. 3 მთავარი ასპექტი, რის გამოც დაედო ეს სანქციები: პირველი ეს არის დემოკრატია, დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა. მეორე ეს არის საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია. მესამე ეს არის ინვესტიციების ხელშეშლა და ბიზნესის ხელშეშლა ქვეყანაში," - აღნიშნა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები