დიდმა მაესტრომ საკუთარი ავტოგრაფი მთელ მსოფლიოს დაუტოვა, ენიო მორიკონე, სამყაროს უდიდესი კომპოზიტორი დღეს 91 წლის ასაკში, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. 500-ზე მეტი კინომუსიკის ავტორმა სრულიად შეცვალა კინოს ჟღერადობა. მორიკონეს ინოვაციურმა და შთამაგონებელმა სტილმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა კინოინდუსტრიაში. კომპოზიტორი 2018 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა, "ბლექ სი არენაზე" მან თითქმის 90 წუთის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში უდირიჟორა რომის სიმფონიურ ორკესტრს. ეს იყო კონცერტი, რომელის ბილეთებიც დაანონსებისთანავე რეკორდული სისწრაფით გაიყიდა.
ენიო მორიკონე 1928 წლის 10 ნოემბერს რომში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა და თავადვე სანტა სესილიას კონსერვატორია დაამთავრა. პატარა მორიკონე ექვსი წლის ასაკში წერდა მოკლე კომპოზიციებს. უკვე თინეიჯერობის პერიოდიდან თანამშრომლობდა რადიოსთან და მალევე დაიწყო კომპოზიციების შექმნა კინოსთვის. განსაკუთრებით ცნობილი მორიკონე 1960-იანი წლებიდან გახდა და ის არა მხოლოდ იტალიის, არამედ უკვე მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო კომპოზიტორად მიიჩნეოდა. მორიკონეს საკულტო ფილმების ჩამონათვალშია "ერთხელ ამერიკაში", "ერთი ბღუჯა დოლარები", "კეთილი, ცუდი, ბოროტი", "ლეგენდა პიანისტზე“, "პროფესიონალი".
პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი ცხოვრების ბოლომდე საკუთარი ფესვებისა და იტალიის ერთგული დარჩა, არაერთი შემოთავაზებისა და მცდელობის მიუხედავად, ჰოლივუდში ცხოვრებას რომში დარჩენა ამჯობინა და სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ იტალიურად საუბრობდა.
კინომუსიკის გარდა, ენიო მორიკონემ არანაკლებ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა თეატრისთვის და კლასიკური მუსიკის ისტორიისთვის.
"ოქროს გლობუსისა" და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორი, მსოფლიო კინომუსიკაში შეტანილი წვლილისთვის 2007 წელს "ოსკარის" პრემიით დააჯილდოვეს.