29 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
პროდუქტების და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი - ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური ფონი დღითიდღე მძიმდება

თითქმის ოთხთვიანი იზოლაციის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში სოციალური ფონი დღითიდღე მძიმდება. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა გალის რაიონში. ამას "კურიერთან" საუბარში საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები მოსახლეობაც ადასტურებს. ამბობენ, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტყის და მდინარის გავლითაც ცდილობენ. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ჯემალ გამახარია საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მისი თქმით საფრთხეში ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლეა.

პროცესში მეტ აქტიურობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი. ვინაიდან ოკუპანტი ქვეყანა ახლა საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული. ე.წ "ბიუჯეტში" არსებულ დეფიციტზე კი უკვე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიაც კი ღიად საუბრობს.

გალის რაიონში ფინანსურ კრიზისთან ერთად კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა. ბლოგერ გიორგი ჯახაიას თქმით, დღითიდღე მცირდება ეთნიკურად ქართველების რაოდენობა. ახალგაზრდების ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობს გადმოსვლას, ნაწილი კი რუსული სპეცსამსახურების სამიზნე ხდება.

დე ფაქტო ხელისუფლებას ე.წ "გამშვები პუნქტი" უკვე თითქმის 4 თვეა, ჩაკეტილი აქვს და მხოლოდ რამდენიმე დღით, ისიც - ცალმხრივად გაიხსნა. 

დღის ამბები