29 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
დაიცავს თუ არა ამომრჩეველს ზეწოლისგან 25 მეტრიანი რადიუსი - საკითხი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთბრალდების თემად რჩება

ხელისუფლების ოპონენტებმა ირაკლი კობახიძეს დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მისი ინიციატივა საარჩევნო უბანზე 25-მეტრიანი რადიუსის დისტანციასთან დაკავშირებით უპერსპექტივოა. ოპოზიციონერების შეფასებით, საარჩევნო კოდექსში ასახული ცვლილებები უბანზე მისულ ამომრჩეველს ვერ დაიცავს ძალადობისა და ზეწოლისგან. ამბობენ, რომ 25-მეტრიანი რადიუსი იმდენად მცირეა, რომ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება და კონტროლი კვლავაც შესაძლებელია.

ბრალდებებს ბრალდებები მოჰყვა ინიციატივის ავტორისგანაც. ირაკლი კობახიძემ ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" უარი საკუთარ იდეასა და მათგანვე წამოსულ მოთხოვნაზე თქვეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის კომიკურია ოპოზიციის სურვილი და მცდელობა, რომ 25-მეტრიანი დისტანცია 500 მეტრამდე გაზრდილიყო.

მმართველ პარტიასთან შეთანხმების გაფორმებას არ აპირებენ არც არასაპარლამენტო ოპოზიციაში. ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან და ამომრჩევლების შანტაჟი - ეს საკითხები დღეს პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებებისა და ოპონირების მორიგი თემა იყო. პოლიტიკური პარტიების ლიდერების ნაწილისთვის გაუგებარია, კანონის აღსრულებისთვის რა საჭიროა დამატებითი დოკუმენტების გაფორმება.

ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს მემორანდუმის გაფორმება გასულ კვირას შესთავაზა. ოცნებაში ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბნების სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლოა, კანონის აღსრულების პრობლემა გაჩნდეს, სწორედ ამიტომ მოუწოდებს ყველა მხარეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ. მმართველ პარტიაში დღესაც ამტკიცებენ, რომ 25-მეტრიანი დისტანციის დაწესებით ამომრჩეველზე ზეწოლისა და შანტაჟის რისკები მოიხსენიება.

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა. ახალი რეგულაციის მიხედვით, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე იკრძალება სააგიტაციო მასალის გამოქვეყნება, ამავე რადიუსზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების ნებისმიერი ფორმით შეფერხება, მათ შორის კითხვის დასმა, რომელიც არჩევნებსა და არჩევანს უკავშირდება.

დღის ამბები