29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
მესტიაში, ხანძრის კერასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივები საცხოვრებელი სახლების დატოვებას არ გამორიცხავენ

მესტიაში ისევ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს. ხანძრის კერები დასახლებული ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.

ადგილობრივებმა, რომლებიც ხანძრის კერასთან ახლოს ცხოვრობდნენ, დაკვამლიანების გამო ბავშვები მიმდებარე ტერიტორიას გაარიდეს. თუკი ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხდება, ადგილობრივები საცხოვრებელი სახლების დატოვებას თავადაც არ გამორიცხავენ.

"ბავშვებიც გაგვყავს სოფლიდან. კვამლის გამო ვეღარ ჩერდება აქ ხალხი, გადიან. იქ მისვლა შეუძლებელია, კლდეებია და ვერ მიუახლოვდები. ვერტმფრენებიც მოვიდნენ, მაგრამ ვერ მუშაობენ და ბრუნდებიან," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

უკვე სამი დღეა მეხანძრე-მაშველები მესტიაში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი მიუვალ ადგილას არის გაჩენილი და შესაბამისად მეხანძრე-მაშველებს სამუშაოებს სწორედ რელიეფი ურთულებთ.

ადგილობრივების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები