29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ყოველ 6 კვ.მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება, ვენტილაციის აუცილებლობა- რეკომენდაციები სპორტდარბაზებისა და აუზების გასახსნელად

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ სპორტდარბაზებისთვისა და აუზებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებზე ისაუბრა. იმ რეკომენდაციების ვრცელი ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნდება.

ბექა ფერაძის განცხადებით, სპორტდარბაზებისთვის აუცილებელი იქნება შემდეგი პროცედურების დაცვა: ყოველ 6 კვ.მეტრზე 1 ადამიანი დაიშვება, დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით ადგილი უნდა  განიავდეს, საშხაპეები კი შესაბამისი ტიხრებით უნდა იქნას გამოყოფილი.

რაც შეეხება აუზებს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, აკრძალული იქნება შეზლონგებზე შეწოვადი, რბილი მასალის გამოყენება.

"დღევანდელ საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპორტდარბაზებისა და აუზების გახსნის შესახებ. დღეს გამოქვეყნდება რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის პროცედურა და პროტოკოლი, რომელთა დაცვა უნდა მოახდინონ ოპერირების პროცესში ამ სექტორის წარმომადგენლებმა.

მოკლედ მოგახსენებთ იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ახლა კიდევ ფორმირების პროცესშია და დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

ყოველ 6 კვ.მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება. ვენტილაციას მიენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში, ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება ამ კუთხით დადგენილი. დალაგების შემდგომ, ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება, საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან. ასევე, კარადები უნდა იყოს გამოტოვებული ერთის დაშორებით თითოეული ადამიანისთვის, პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით და წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისას, არაუმეტეს 10 ადამიანით მოხდება პროცედურის წარმართვა.

რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა  კოლიბაქტერიებზე იქნება  მოთხოვნა და გადახდის შემთხვევაში, უკვე მიკრობიოლოგიური კვლევა სრულფასოვანად განხორციელდება, თუ რაიმე დაფიქსირდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალების გამოყენება და დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შემდგომ.

აქვე მოგახსენებთ იმ მონიტორინგის შედეგებს, რომელსაც იცით, რომ ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 79 კვების ობიექტი. მოთხოვნები დააკმაყოფილა 52-მა, ვერ დააკმაყოფილა 27-მა და შესაბამისად, სანქციების მექანიზმი იქნა გამოყენებული," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები