29 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისების განრიგი ცნობილია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ავიარეისების განრიგი შეთანხმდა. საუბარია ავიარეისებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად შესრულდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტს არ შეადგენს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. 

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:
13 ივლისი - ვარშავა, 
15 ივლისი - ბარსელონა, 
17 ივლისი - რომი, 
22 ივლისი - პარიზი,  
28 ივლისი - ათენი. 

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე საზღვრების შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მიერ დასახელებული ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა, რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.  

"მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები