29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს - უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი

პანდემიის ფონზე საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მასპინძლობენ - თბილისში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ჩამოვიდა. ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის ქართველ კოლეგას უკვე შეხვდა.

დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე ქვეყნის მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო ჩაკეტილი საზღვრების გახსნასაც, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, როდის შეეძლებათ უნგრეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის ქვეყანაში მიმოსვლა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც ქვეყნების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა იქნება. 

"მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელსაც შესაძლებლობა მიენიჭა ამ პანდემიის პირობებში ჩამოსულიყო აქ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია. ევროპაში სტანდარტებით გათვალისწინებულ 100 ადამიანზე ყველაზე ნაკლები ინფიცირებულია საქართველოში. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრის გახსნის სფეროს საკითხებს. უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა პანდემიის დროს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს ჩქარი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის ძალიან ღრმა ცივილიზაციისა და კულტურის მქონე ქვეყანა," - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

"ჩვენი მიდგომა აქაც არის თანმიმდევრული და ძალიან ფრთხილი, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს როგორც უნგრეთს, ისე საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, არის გასაფრთხილებელი, შესანარჩუნებელი, იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ზიანი არ მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს. მათი ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება არის უპირველესი საზრუნავი და დღეს ჩვენ ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები