29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
დაპირისპირება "ნაცმოძრაობის" წევრსა და "მწვანეების" აქტივისტს შორის - ხელჩართულ ჩხუბს ონში თვითმხილველები თითქმის არ ჰყავს

სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრ ოთარ სირაძესა და "ახალგაზრდა მწვანეების" აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს შორის, ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაიწყო, რამდენიმე საათის შემდეგ ამბროლაურის ცენტრში ფიზიკური შეხებით დასრულდა. ნიკოლოზ ღლონტი პოლიციაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, თუმცა საქმის დეტალებზე დამატებით საუბარი არ ისურვა. "მწვანეების" ერთ-ერთი აქტივისტი "რუსთავი2"-ს უყვება, რომ სირაძე და მისი ძმა აქციის აპოლიტიკურობამ გააღიზიანა, რაც მონაწილეების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ამბროლაურის პოლიციაში დღეს გამოკითხვაზე ოთარ სირაძეც იმყოფებოდა. პოლიტიკოსი ძალადობის ფაქტს უარყოფს და "ახალგაზრდა მწვანეების" აქტივისტებს პროვოკატორებს უწოდებს. ყოფილი გუბერნატორი განმარტავს, რომ მან ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა ნახა, თუმცა ძალადობის კვალი, საკუთარ ქმედებაში, არ აღმოუჩენია. სირაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ძალადობას გამორიცხავს დავით სირაძეც. პოლიტიკოსის ძმა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტს ჩხუბის დროს ხელით იჭერს, ამტკიცებს რომ ძმების მიზანი ახალგაზრდებისთვის ეთიკური ნორმების დაცვისკენ მოწოდება იყო. დავით სირაძის განმარტებით, აქტივისტებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს.

ხელჩართულ ჩხუბს თვითმხილველები თითქმის არ ჰყავს. ადგილობრივების თქმით, ისინი ხმაურზე ქუჩაში გამოვიდნენ თუმცა კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო.

სამოქალაქო აქტივისტსა და რაჭის ყოფილ გუბერნატორს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 239-მუხლით იძიებს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

დღის ამბები